I კვარტალში ტურიზმის სექტორმა ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი ტურისტებისგან მიიღო – PMCG

2024 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი – 21% იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი, რასაც მოსდევდა თურქეთი 15%-ით, – ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. თუმცა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირსა (ვიზიტზე 1,535 დოლარი) და ისრაელს (1,405 აშშ დოლარი) ჰქონდათ.
მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 2%-ით, ხოლო პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი დახარჯეს განთავსებასა (მთლიანი დანახარჯების 27%) და საყიდლებში (20%). აღსანიშნავია, რომ დანახარჯებში განთავსებისა და საყიდლების განაწილება 2023 წლის I კვარტალის განაწილების მსგავსია. თუმცა, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, დანახარჯებში დასვენების წილი 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო საკვებისა და სასმლის წილი 6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 12.7 მილიარდ ლარს მიაღწევს (8.6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით), – ნათქვამია, PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში.