I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი შეადგინა

2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 5.7%-ით მეტი იყო და სულ 14.8 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2025 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 14.8% – სპონსორობამ, ხოლო 10.8% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის I კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.1 მილიონი ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2024 წლის I კვარტლის მსგავსად, კვლავ 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს გაუტოლდა. გაიზარდა ასევე „ფორმულას“ კომერციული შემოსავალიც, რამაც 2025 წლის I კვარტალში 1.5 მილიონი ლარი შეადგინა და გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალს, 0.8 მილიონი ლარით გადააჭარბა. 0.4 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „ბი ემ ჯი“-სა და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის, მათი კომერციული შემოსავლები უცვლელი დარჩა და „ბი ემ ჯი“-ის შემთხვევაში 0.8 მილიონ ლარს, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის შემთხვევაში კვლავ 0.4 მილიონ ლარს უდრიდა. 0.3 მილიონი ლარით გაიზარდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც მიმდინარე წლის I კვარტალში 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.
გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა „სილქნეტის“ შემოსავალიც და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. „პალიტრანიუსის“ შემთხვევაში კი, მათი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი იყო. რადიო მაუწყებლების მიერ 2025 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო დანარჩენი 11% სპონსორობაზე მოდიოდა. შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.