I კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 8.5%-მდე გაიზარდა

I კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 8.5%-მდე გაიზარდა
2025 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 660.1 მლნ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 15.1 პროცენტით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10.0 პროცენტით გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.5 პროცენტი შეადგინა.

ზრდას განაგრძობს მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის პირველ კვარტალში 826.0 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 პირველ კვარტალში 266.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.4 პროცენტი შეადგინა. ასევე მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის პირველ კვარტალში 386.3 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 5 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -537.5 მლნ აშშ დოლარი (-1.5 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 63.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 13.2 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა და 2025 წლის პირველ კვარტალში 876.0 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 5.3 პროცენტით შემცირდა 815.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 74.2 მლნ აშშ დოლარი (208.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.0 პროცენტია.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.