I კვარტალში თაფლის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა – „ჰობი“(bm.ge)

გასული წლის I კვარტალთან შედარებით, წელს გაყიდვების 25%-იანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ BM.GE-სთან ქართული ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანიის – „ჰობი” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭიღლაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, 2021 წელს, როდესაც ბაზარზე პირველად გამოჩნდნენ, მათი გაყიდვები წლიურად 10 ტონა თაფლს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს, კომპანიამ 60 ტონა თაფლი გაყიდა და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
„2023 წელს, ჩვენი შემოსავალი 280 000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ნახევარ მილიონ ლარს უკვე გადავაჭარბეთ. ამასთან, საგულისხმოა, რომ წლევანდელი წელიც განსაკუთრებით კარგ ტემპში დაიწყო“, – აცხადებს ჭიღლაძე.
„ჰობი“ აქტიურად არის წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის თაფლი ქსელურ მაღაზიებში იყიდება, მათ შორის „ორ ნაბიჯში“, „ფრესკოში“, „უნივერსამში“, „ევროპროდუქტში“ და „მადაგონში“, ასევე რამდენიმე მცირე მაღაზიაში.
კომპანია მომხმარებელს როგორც ტრადიციულ (ქილის ფორმატის), ისე არატრადიციულ (პაკეტურ შეფუთვაში) თაფლს სთავაზობს. როგორც მიხეილ ჭიღლაძე ამბობს, ორივე ფორმატზე მოთხოვნა მზარდია, რასაც მომხმარებლის ნდობა და პროდუქციის ხარისხი განაპირობებს: „ჩვენი თაფლი მკაცრ ხარისხობრივ კონტროლს გადის და სწორედ ეს ქმნის მომხმარებელთან ნდობას. ჩვენთან თაფლის შეძენა დაკავშირებულია ხარისხთან, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე“, – თქვა მან.
კომპანია ამჟამად 1200 სკას ფლობს, რომლებიც განთავსებულია რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში, რაც პროდუქტს უნიკალურ გემოვნურ და სამკურნალო თვისებებს აძლევს. ასორტიმენტი აკაციის, შერეულ და წაბლის თაფლს მოიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს საექსპორტო მიმართულებით და უცხოური პარტნიორებიდან მზარდ ინტერესსაც აფიქსირებს, პრიორიტეტად ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილება რჩება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას მივაწოდოთ ხარისხიანი თაფლი, ხოლო შემდეგ განვავითაროთ ექსპორტი,“ – აღნიშნავს მიხეილ ჭიღლაძე.