I კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა – ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ განახლებულ მიმოხილვაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევაში 27 მსხვილი და 92 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა.
2025 წლის I კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა.
ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა.
“BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა”, – აღნიშნავენ ISET-ში.
კვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით 22.4 პუნქტით შემცირდა და 2025 წლის I კვარტალისთვის -18.6-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სოფლის მეურნეობის (-50.0) და მომსახურების (-30.8) სექტორებში დაფიქსირდა.
„ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, -9.9 პუნქტამდე შემცირდა.
2025 წლის I კვარტალისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის (-50.0) და მომსახურების (-31.0) სექტორებში. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 6.9-ით გაიზარდა და 20.0 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, გაიზარდა“, – ნათქვამია კვლევის შედეგებში.
მათივე ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე წარმოადგენს. შემზღუდველი ფაქტორებიდან ,,სხვა” ფაქტორები მეორე ადგილზე დგას მსხვილი ბიზნესებისთვის. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები მოთხოვნის და კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირეა.