ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს სათაურით: “ძალადობრივი თავდასხმები მთავრობის კრიტიკოსებზე”.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ უკანასკნელ თვეებში მომხდარ ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებს სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე. მათივე თქმით, ამ თავდასხმების დაუსჯელობა შემდგომ პოლიტიკურ ძალადობასა და არასტაბილურობას ახალისებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ორგანიზაცია, ასევე აღნიშნავს, რომ აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით დაუდგენელი პირები ათზე მეტ აქტივისტს თავს დაესხნენ, რამაც ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ თავისა და სხეულის სხვა დაზიანებები გამოიწვია.
“მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, პოლიციამ ოფიციალურად გამოძიება დაიწყო, მათ არცერთი პირი დაუდგენიათ და არც დაუკავებიათ. ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი არ იღებენ აუცილებელ საგამოძიებო ზომებს, რათა დადგეს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობა”, – წერია ანგარიშში.
Human Rights Watch ანგარიშში აღწერს თავდასხმის 6 შემთხვევას 5 პირის, მათ შორის, სტუდენტის, პროფესორის, ახალგაზრდული საპროტესტო ჯგუფის დამფუძნებლის, აქციის მონაწილისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ.
ანგარიშში მოხვდა სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმის შემთხვევა, ასევე ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანის ცემის ფაქტი, ყოფილ დიპლომატზე, უნივერსიტეტის პროფესორ გია ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტი და მოძრაობა “სირცხვილიას” დამფუძნებელზე, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტი.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს თავს ესხმოდნენ და სცემდნენ დაუდგენელი პირები.
13 ივნისს აქტივისტ ბექა პაპაშვილს სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა მას შემდეგ, რაც მან “ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში “რუსო მონა” დაუძახა.
მანამდე, 11 ივნისს დილით, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს, საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ის რამდენიმე დღით ადრე წერდა ჩასაფრებაზე, რომელიც სოფელში მოუწყვეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.
11 ივნისს დილით, ბერძენიშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ევროპის სახელით მიმდინარე“, „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია“ უწოდა, მისი თქმით, „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.
შალვა პაპუაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა “სირცხვილიას” დამფუძნებლებს, სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.
„ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)“, – დაწერა პაპუაშვილმა.
7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.
ამასთან, მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით,”ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ, პოლიციამ აეროპორტში წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.
პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.
გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არცერთი პირი.
საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“, – სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით, – და სამი მოსმენით მიიღო.