Human Rights Watch: კანონები საქართველოში პროტესტს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს

რეპრესიული კანონები საქართველოში მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს , – ამის შესახებ Human Rights Watch-ის სტატიაშია ნათქვამი.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მექანიზმები, ძალადობისა და მძიმე ფინანსური სანქციების პარალელურად, “გადაჭარბებული და არაპროპორციული შეზღუდვებია”, რომლებიც პროტესტის გამოხატვას რისკს უქმნიან.
კანონები, რომლებიც HRW-ის შეფასებით პროტესტს ზღუდვს:
· ჯარიმების ათმაგი ზრდა — 500 ლარიდან 5 000 ლარამდე;
· პრევენციული დაკავება 48 საათამდე ბუნდოვანი საფუძვლებით;
· ადმინისტრაციული პატიმრობის გახანგრძლივება 15-დან 60 დღემდე, განსაკუთრებით პროტესტთან დაკავშირებულ ქმედებებზე;
· „ვერბალური შეურაცხყოფის“ დანაშაულად კვალიფიცირება, რომელსაც 45-დღიანი პატიმრობა მოჰყვება;
· წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სპონტანურ შეკრებებზე;
· გადაუხდელი ჯარიმების შემთხვევაში ავტომატური 30–60-დღიანი პატიმრობა;
· გამეორებითი მცირე სამართალდარღვევების მძიმე სამართალდარღვევად კვალიფიცირება, რაც 2–4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი კანონები მიიღო, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებების უფლებას უსაფუძვლოდ ზღუდავს და განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. ძალადობრივ პოლიციურ პრაქტიკებთან და მაღალი ჯარიმების სისტემასთან ერთად, ეს ზომები არღვევს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, სახიფათოს ხდის განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას და კრიტიკოსებს სადამსჯელო მექანიზმების წინაშე დაუცველ მდგომარეობაში აყენებს“, — ნათქვამია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მექანიზმებს სისტემატურად ანადგურებს“.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „2024 წლის ნოემბრის შემდეგ მმართველმა პარტიამ პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება გაიტანა, რომლებიც პრაქტიკულად საპროტესტო ქმედებების მნიშვნელოვან ნაწილს კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს“.
Human Rights Watch აღნიშნავს, რომ „დაშინება, თვითნებური დაკავებები და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეებისთვის საშიშ გარემოს ქმნის“.
ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს იყენებს თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი სამართალწარმოების გასაძლიერებლად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი საქართველო ვალდებულია დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება; ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ კანონიერ მიზანსა და შესაბამის სამართლებრივ საფუძველს, არამედ აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ეს პრინციპები აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შესაძლებელი იყოს თვითნებური დაკავებების, ძალადობრივი პოლიციური მეთოდების ან არაპროპორციული სანქციების შიშის გარეშე“, — ნათქვამია სტატიაში.