Human Rights Watch-ი: რეპრესიული კანონები საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას ახდენს

ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მიღებული რეპრესიული კანონები გაუმართლებლად ერევა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში და გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
„ძალადობრივ საპოლიციო ქმედებებთან და მაღალ ჯარიმებთან ერთად, ეს ზომები არღვევს ქართველების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, რაც განსხვავებული აზრის გამოხატვას სულ უფრო სახიფათოს ხდის და კრიტიკოსებს სადამსჯელო ზომების მიმართ დაუცველს ხდის“, – წერია განცხადებაში.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგია აცხადებს, რომ ადამიანებს აკავებენ ან გამანადგურებელ ჯარიმებს აკისრებენ ფუნდამეტური უფლებების გამოყენების გამო.
ორგანიზაციის განცხადებაში საუბარია ყველა იმ კანონზე, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ სადავო პარლამენტმა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად მიიღო.
მათ შორის:
· პირველ ეტაპზე გზის გადაკეტისთვის ჯარიმები გაზარდა, შემდეგ კი კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა: პირველი სანქცია 15 დღემდე პატიმრობაა, მეორე შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული;
· იგივე სასჯელია გათვალისინებული დემონსტრაციაზე სახის დაფარვისთვის;
· აიკრძალა აქციაზე ლაზერების გამოყენება.
დემონსტრანტების შესაზღუდად მიღებული რეგულაციების ჩამონათვალი ვრცელია. პოლიციამ ახალი კანონით ათობით ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით. გზის გადაკეტისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 61 წლის კაცის მიმართ – ის ამ დრომდე პატიმრობაშია.