HRW ქართული ოცნების პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას FARA-ს კანონპროექტზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მოუწოდებს ქართული ოცნების პარლამენტს, უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი სასჯელის დაწესებას ითვალისწინებს სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უარს ამბობენ “უცხოელ აგენტებად” დარეგისტრირებაზე.
HRW-ის განცხადების თანახმად, კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებების მიმართულებით ფუნდამენტურ ნორმებს და მიღების შემთხვევაში, სერიოზულ ზიანს მოუტანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ უფრო გააღრმავებს ადამიანის უფლებების მიმართულებით კრიზისს, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო თვეებში გამოიწვია.
Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში “თუ კანონპროექტი იქნება მიღებული და აღსრულდება, ეს დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს მისცემს ცრუ არჩევანს, მიიღონ უცხოური აგენტის უსაფუძვლო და სტიგმატიზებული იარლიყი, ციხეში ან გადასახლებაში აღმოჩნდნენ, ან საერთოდ მიატოვონ საქმიანობა”.
“ეს შესაძლოა იყოს საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრული”, – ამბობს ის.
***
ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) დაარეგისტრირეს.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
რეგისტრირებული კანონპროექტი -ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.
კანონპროექტში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: “აშშ-ის პრეზიდენტი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “კონგრესი” და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან “სიტყვასიტყვით ნათარგმნია” და “სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს” შეიცავს.