HRW-მა და PEN-მა გაეროს მიმოხილვისთვის საქართველოში ადამიანის უფლებების მკვეთრი გაუარესება შეაფასეს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW) საქართველოს მეოთხე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის წინ გაეროს წარდგინებით მიმართა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ ფასდება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
თავის წარდგინებაში HRW წერს, რომ 2021 წელს ჩატარებული ბოლო მიმოხილვის შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა — საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონების არსენალი, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნის მიერ გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორობის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებასთან. ხელისუფლება, ასევე, ზედმეტად ერეოდა ძირითადად მშვიდობიან შეკრებებში და ვერ ახერხებდა ადეკვატურ რეაგირებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობაზე.
გაუარესებული ადამიანის უფლებების კონტექსტში და წინა მიმოხილვის რეკომენდაციების დარღვევის კონტექსტში, HRW მიმოიხილავს „უცხოელი აგენტების“ კანონებს, გრანტების შესახებ კანონში და ლგბტ თემის წინააღმდეგ ცვლილებებს და მოუწოდებს მათი გაუქმებისკენ; პოლიციის დაუსჯელ ძალადობას ძირითადად მშვიდობიან მიტინგებზე; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას; ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში რამდენიმე შემზღუდავ ცვლილებას, ასევე მაღალ ჯარიმებს და თავისუფლების აღკვეთას საჯარო მოხელეების „სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“.
Human Rights Watch საუბრობს მედიის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ კანონმდებლობაზე, პარლამენტის მიერ ჟურნალისტთა აკრედიტაციების შეზღუდვაზე და მოუწოდებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და ცილისწამებაზე რეგრესული შესწორებების გაუქმებაზე.
Human Rights Watch-ის წარდგინებაში საუბარია მზია ამაღლობელის საქმეზე და რეკომენდებულია მისი გათავისუფლება, სანამ მისი საქმე დამოუკიდებლად განიხილება სასამართლოს მიერ.
ანგარიშში ნეგატიურად არის შეფასებული გენდერული კვოტების გაუქმება და ტერმინების — „გენდერი“ და „გენდერული თანასწორობა“ — ამოღება საქართველოს ყველა კანონიდან.
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის ერთობლივი ანგარიში წარადგინეს PEN Georgia-მ, PEN International-მა და PEN America-მაც.
PEN International ამჟამად ასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს და ხელს უწყობს შემოქმედებითი თავისუფლების უფლებებს, ლიტერატურის განვითარებასა და პოპულარიზაციას და იცავს ადამიანების ინტერესებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. PEN-ის ანგარიშში, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების გარდა, ყურადღება გამახვილებულია მწერლების, ჟურნალისტებისა და ხელოვანების უსაფრთხოებაზე და კულტურული ინსტიტუტების მიტაცებაზე.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია:
„ამ ანგარიშის შედგენის მომენტისთვის, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კვლავ უსამართლოდ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში 2025 წლის იანვარში მისი დაკავების შემდეგ. თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, რაც უხეშად არაპროპორციული სასჯელია. ამაღლობელი კერატოკონუსით — თვალის დეგენერაციული დაავადებით — არის დაავადებული და იუწყებიან, რომ პატიმრობის პირობებში მას მხედველობა უარესდება“.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ Mapping Media Freedom-ის მონაცემებით, 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს სულ მცირე 13 ჟურნალისტი და 246 ჟურნალისტი გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ