ადამიანის უფლებათა სახლის (Human Rights House Foundation) ხელმომწერი წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, რომელიც მათი თქმით, “სიტყვასიტყვით იმეორებს 2023 წლის მარტში პროტესტის შედეგად გაწვეული კანონპროექტის ტექსტს”.
ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ნაკისრ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს და საფრთხეს ქმნის, რომ შეზღუდავს ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ქმედით და ლეგიტიმურ საქმიანობას.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, შეასრულოს პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები და უარი თქვას კანონმდებლობაზე, რომელიც მათი თქმით, პირდაპირ არის გადმოღებული რუსეთის ავტორიტარული ტაქტიკებიდან.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის უფრო ფართო გეგმის ნაწილია და მაგალითად მოყვანილია 2024 წლის 4 აპრილს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით პოლიტიკური პარტიების სიებში ქალთა სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებადა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს, აიკრძალოს ლგბტქი+ ჯგუფთან და მათ ინტერესებთან დაკავშირებული გამოხატვა და პროტესტი.
ორგანიზაციები ამავე განცხადებაში საუბრობენ ბოსნია ჰერცეგოვინაზეც, რომელიც ეროვნულ ასამბლეაში მსგავსი კანონის მეორე მოსმენით განხილვას გეგმავს და აღნიშნავენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის მხარეც არის როგორც საქართველო, ასევე ბოსნია ჰერცეგოვინა.