Hotel Collection International საქართველოს ბაზარზე ფართოვდება – რას გეგმავს კომპანია?

სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International საქართველოს ბაზარზე ფართოვდება და ახალ ობიექტებს იმატებს. ამის შესახებ კომპანიის რეგიონალურმა დირექტორმა, ქეთევან მიქაშავიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
კერძოდ, მიქაშავიძის განცხადებით, კომპანია მორიგი სასტუმროს გახსნას კახეთის რეგიონში გეგმავს. ამასთან, როგორც ის ამბობს, პანდემიის პერიოდში შეჩერებული პროექტები ეტაპობრივად აქტიურ ფაზას უბრუნდება.
“მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში სასტუმროს გახსნას ვგეგმავთ. ასევე სასიხარულოა, რომ პანდემიის პერიოდში შეჩერებული პროექტები ეტაპობრივად აქტიურ ფაზაში ბრუნდება და განვითარება გრძელდება. გარდა ამისა, წელს, ჩვენი მართვის ქვეშ მყოფი ბრენდული სასტუმროს მშენებლობა ბორჯომშიც განახლდა. ჩვენი მიზანია, საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციები ავითვისოთ, როგორიცაა ზღვისპირეთი, კურორტები, კულტურული ცენტრები და ეკოტურისტული ზონები”, – ამბობს ქეთევან მიქაშავიძე.
Hotel Collection International-ის სათავო ოფისი მადრიდში, ესპანეთში მდებარეობს. ამჟამად, Hotel Collection International სხვადასხვა ბრენდების ქვეშ 15-მდე სასტუმროს მართვას ესპანეთსა და საქართველოში, მათ შორის Doubletree by Hilton, Holiday Inn Express (მათ შორის ერთ-ერთი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ არის თბილისშიც Holiday Inn Express Avlabari), Holiday Inn, Indigo, Ramada by Wyndham, Ramada Resort და სხვა.