HORECA Management Group-მა კანადაში წარმომადგენლობა გახსნა

HORECA Management Group-მა კანადაში, კერძოდ, ტორონტოში წარმომადგენლობა გახსნა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა, ტორონტოს ოფისი კანადურ ბაზარზე სასტუმრო სექტორის სრულ მასშტაბურ მხარდაჭერას მოემსახურება.
„გვიხარია, რომ პირველი კომპანია ვართ, რომელმაც ასე შორს გაიტანა საქართველოს სტუმარმასპინძლობის კულტურა და ვფიქრობ, ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ კანადაში. ჩვენი კომპანია ბაზარს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებებსა და სრულ სასტუმრო მენეჯმენტს, რომელიც მორგებულია კანადური სტუმართმოყვარეობის სექტორის საჭიროებებზე“, – ამბობს გიორგი პაპიაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ HORECA Management Group-ის კანადის წარმომადგნლობის სერვისებზე მოთხოვნა მაღალი იქნება.
„შარშან და შარშანწინ კანადამ ახალი რეკორდები მოხსნა საერთაშორისო ტურისტების მიღების თვალსაზრისით. 2023 წელს კანადას 30 მლნ ვიზიტორი ეწვია, 2024 წელს – 34 მლნ; წელს უფრო მეტს ელოდებიან. 2026 წელს კი, დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც -ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება. კანადა 16 მატჩს უმასპინძლებს და ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტია. ყველას სურს, მოასწროს დასრულება, რათა სტუმრების მიღება შეძლონ“, – თქვა გიორგი პაპიაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია აქტიურად იმუშავებს ქართულ დეველოპერებსა და ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კანადურ ბაზარზე შესვლით.
„ამ მიმართულებით HORECA Management Group უზრუნველყოფს კონსულტაციებსა და მხარდაჭერას ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა: სასტუმროების, აპარტამენტების და კომერციული ფართების დეველოპმენტი“, – აღნიშნა HORECA Management Group-ის დამფუძნებელმა და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, კანადაში ერთი მიმდინარე პროექტი უკვე აქვთ.
„$42-მილიონიანი საინვესტიციო ღირებულების, 146-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის პროექტი გვაქვს აღებული. ჯერჯერობით, არქიტექტურის და დიზაინის ფაზაზე ვართ და სამ თვეში დაიწყება მშენებლობა. სასტუმროს გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი“, – ამბობს HORECA Management Group-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის: HORECA Management Group-ი საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფელშია 20-ზე მეტი განხორციელებული პროექტი, 1350 სასტუმრო ოთახით. ამჟამად, HORECA Management Group-ს საქართველოში 2 მიმდინარე პროექტი აქვს.