სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტმა, ქეთი მელაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭების კრიტერიუმებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სასტუმროების ვარსკვლავებით შეფასება ტურისტებსა და სასტუმროებს შორის ნდობას ზრდის, ვინაიდან დამსვენებელმა იცის თუ რას უნდა მოელოდეს სასტუმროსგან, ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით.
„Hotel Star union-ში ჩვენი ქვეყანა გაერთიანდა 2022 წელს. შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია სასტუმროებს მივანიჭოთ ის ვარსკვლავები, რომლებიც ევროპული სტანდარტებით ენიჭებათ მთელ რიგ ქვეყნებში.
ამ ყოველივეს დადებითი მხარე ისაა, რომ ნდობა გაიზრდება ტურისტებსა და სასტუმროებს შორის, ვინაიდან ისინი ჩვენ არ გვიცნობენ და მათ მხოლოდ ინფორმაცია აქვთ ისეთ დიდ სასტუმროებზე, როგორებიცაა „შერატონი“, „ჰილტონი“ და ა.შ. მათ ყოველთვის მომგებიანი პოზიცია აქვთ ბაზარზე, ვინაიდან ნდობის ფაქტორი აქ უფრო დიდია.
როდესაც ამ ვარსკვლავით ხდება შეფასება, ნდობის ფაქტორი იზრდება, ვინაიდან დამსვენებელმა იცის თუ რას უდა მოელოდეს სასტუმროსგან, ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით,“- აღნიშნა ქეთი მელაძემ.
როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორგანიზაცია მიმდინარე წლისთვის რეგიონებში 40-მდე სასტუმროს მიანიჭებს ვარსკვლავებს, რითაც სასტუმროები დიდ სარგებელს მიიღებენ.
„Horeca Hotel Star Georgia მიმდინარე წელს 40-მდე სასტუმროს (რეგიონში) მიანიჭებს ვარსკვლავებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპულ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დაეხმარონ რეგიონებში სასტუმროებს. შესაბამისად, ეს პროექტი ითვალისწინებს რეგიონებს. ამჟამად, რეგიონებში ჩვენი დაკვირვების ქვეშ 15-მდე სასტუმროა.
ამ პროექტში არ შედის 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, აქ შედის 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ვინაიდან ქვეყანაში აუცილებელია განვითარდეს ეს სეგმენტი, რომელიც საშუალო ფენას მოიცავს.
სასტუმროები ამ ვარსკვლავების მინიჭებით, საკმაოდ დიდ ბენეფიტებს მიიღებენ. ისინი განთავსებულები არიან, როგორც Hotel Star union-ის, ასევე tripadvisor-ის საიტზე. Tripadvisor-ზე არცერთი თვითშეფასებული სასტუმრო აღარ იღებს ვარსკვლავს. მხოლოდ Star union-ის მიერ შეფასებული სასტუმროები ჩნდებიან ამ საიტზე ვარსკვლავებით“.
სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ხარისხის მისანიჭებელი კრიტერიუმები ელემენტარულია. ხოლო გადამოწმება, უჭირავთ თუ არა ის სტანდარტი, რაც ვარსკვლავით აქვთ მინიჭებული, ყოველწლიურად ხდება.
„არსებობს გარკვეული ზომები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმრო. ფასდება მოსასვენებელი ოთახი და მისი ზომა, ასევე თუ რა ხარისხის და ოდენობის უნდა ჰქონდეთ პირსახოცი და ბალიში. ელემენტარულზეა საუბარი, როდესაც 2-3 ვარსკვლავიანებზე ვსაუბრობთ.
აუცილებელი, რაც უნდა ჰქონდეთ მათ, კრიტერიუმებში ცალკეა ჩამოწერილი. აუცილებლების შემდეგ, მათ დამატებით შეუძლიათ ჩადონ სასტუმროში ისეთი რამ, რაც მეტი ვარსკვლავის მიღების შესაძლებლობას მისცემს მათ. მაგალითად, ელექტრო მანქანების სატენები, მზის პანელები და ა.შ.
თუ სასტუმროები კრიტერიუმის ქულებს მიაღწევენ, ჩვენ მათ ვანიჭებთ ამ ვარსკვლავებს. თუ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, ვაძლევთ რჩევებს, თუ რა უნდა გამოასწორონ და ამის მიხედვით ხდება მათი თავიდან გადაფასება. გადაფასების შემდეგ, შეიძლება დავაკლოთ ან პირიქით, მოვუმატოთ ვარსკვლავი“.
როგორც ქეთი მელაძემ აღნიშნა, ვარსკვლავების მინიჭების და კარგი სერვისის მიღების საჭიროებას ძირითადად ახალგაზრდები ამჩნევენ. ორგანიზაცია ამ ეტაპზე სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განთავსებულ სასტუმროებზე მუშაობს.
„ძირითადად მოდიან ის ადამიანები, რომლებიც უფრო ახალგაზრდები არიან და იციან რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეფასება. ასევე ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ კავშირი ევროპულ ქვეყნებთან.
არიან ჭირვეული სტუმრები, რომლებიც თვლიან, რომ მეტი იციან და დიდ პრობლემებს უქმნიან სასტუმროებს. ამ შემთხვევაში, სასტუმროებს ძალიან კარგი საშუალება ეძლევათ. მათ შეუძლიათ თქვან რომ სასტუმრო არის სტანდარტულად შეფასებული და იმ კრიტერიუმებს, რაც არის ჩამოთვლილი, სასტუმრო აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე, ძირითადად სვანეთსა (ძალიან მონდომებულები არიან) და სამცხე-ჯავახეთზე ვმუშაობთ. ასევე, არიან სასტუმროები მცხეთა-მთიანეთიდანაც.
იმედი გვაქვს, რომ გეგმები განხორციელდება და საბოლოო ჯამში შედეგი იქნება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სექტორი და სასტუმროები ნამდვილად დააკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რაზეც აქვთ განაცხადი და შესაბამისი ვარსკვლავებიც აქვთ მინიჭებული“.
