Honda-სთან შესაძლო შერწყმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Nissan-ის აქციები გაიზარდა

Nissan Motor-ის აქციები 24%-ით გაიზარდა, რაც ავტომწარმოებლის ბოლო 50 წლის არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიზეზი Nissan-ისა და Honda-ს შესაძლო შერწყმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. Bloomberg-ი წერს, რომ ეს შერწყმა ორ კომპანიას, ისევე როგორც Mitsubishi-ს, საშუალებას მისცემს იაპონიის ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ Toyota Motor-ს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Nissan-ი ახლა მოგებას კარგავს და კომპანია დასუსტებულია. მათი შეფასებით, Honda-სთან შერწყმა კრიზისის თავიდან აცილების შანსია.
მნიშვნელოვანი ნახტომი – ასე აფასებს ვაჭრობის მონაცემებსა და Nissan Motor-ის აქციების 24%-ით გაზრდას Bloomberg-ი. ტოკიოში ვაჭრობის დასასრულისთვის, Nissan-ის აქციები 417,6 იენი ($2,7; +23,7%) ღირდა. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომწარმოებლები Nissan-ი და Honda Motor-ი შერწყმის შესაძლებლობას განიხილავენ. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, Honda რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორის Nissan-თან შერწყმას, კაპიტალის პარტნიორობას და ჰოლდინგის შექმნას. გარიგება შეიძლება გაფართოვდეს Mitsubishi Motors-თან, რომელსაც უკვე აქვს კავშირები Nissan-თან.
Bloomberg-ი წერს, რომ ასეთი შერწყმა იაპონიის საავტომობილო ინდუსტრიას ორ მთავარ ბანაკად დაყოფს. ერთ მხარეს Honda, Nissan და Mitsubishi იქნებიან, მეორე მხარეს კი Toyota Motor-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ გარიგება კომპანიებს მეტ რესურსს მისცემს, რათა კონკურენცია გაუწიონ დიდ გლობალურ მოთამაშეებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ Nissan-მა შეასუსტა კავშირი ფრანგულ Renault-თან და Honda-მ General Motors-თან.
Nissan-ის აქციების ზრდას Bloomberg-ი იმ იმედებით ხსნის, რაც Honda-სთან პოტენციურ თანამშრომლობასა და ამ გზით ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებას უკავშირდება. კომპანიის ვალი 2026 წელს დაახლოებით 5,6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. წლის პირველ ნახევარში Nissan-ის წმინდა მოგება 94%-ით დაეცა. კომპანია მიმდინარე ფისკალურ წელს, 2025 წლის მარტში საოპერაციო მოგების 150 მილიარდ იენამდე (976 მილიონი დოლარი) დაცემას ელის, რაც 70%-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით. სწორედ ამიტომ, Nissan-მა გადაწყვიტა 9 000 თანამშრომელი გაეშვა და საწარმოო სიმძლავრის 20%-ით შეემცირებინა. ნოემბერში სინგაპურულმა ფონდმა Effissimo Capital Management-მა, (რომელიც ცნობილია როგორც ინვესტორი, რომელიც ყიდულობს გაჭირვებული კომპანიების წილებს) შეიძინა ავტომწარმოებლის წილი. Nissan-ის პრობლემებმა გამოიწვია ვარაუდი, რომ ავტომწარმოებლის რეიტინგი უსარგებლო სტატუსამდე დაქვეითდება.
თუ შერწყმა შედგა, Nissan-ი ოპერაციულად უფრო ძლიერი პარტნიორისგან Honda-სგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს. Honda-სთვის Nissan-თან თანამშრომლობა პირიქით შედეგს გამოიღებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამით კომპანია მოკლევადიან პერიოდში დაზარალდება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Nissan-თან შესაძლო შერწყმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Honda-ს აქციები 3,4%-ით დაეცა.