GWP-ის წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები იზრდება

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინა, შედეგად, საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციული გაძვირდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „რუსთავი წყლის“ შერწყმის შედეგად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლიცენზიაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები გავრცელდება თბილისის, მცხეთისა და რუსთავის აბონენტებზე.
გაიზარდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში — 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. დღეს კომპანიებისთვის წყლის საფასური 6.5 ლარია. ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სემეკის ცნობით, წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით. ამ მიზნით სემეკმა შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი 363 868 823 ლარის მოცულობის ინვესტიცია. გეგმების შესაბამისად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისსა და მცხეთაში — 317 897 722 ლარის, ხოლო რუსთავში – 45 971 101 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.