„GWP-იმ თუ ამ ტემპით გააგრძელა საინვესტიციო პროექტების განხორციელება, არსებული სიტუაციის შენარჩუნებაც გამოწვევა იქნება“

„კომპანიამ თუ ამ ტემპით გააგრძელა საინვესტიციო პროექტების განხორციელება, არათუ გაუმჯობესება, არამედ არსებული გაუარესებული სიტუაციის შენარჩუნებაც გამოწვევა იქნება,”- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს” კომპანია GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიის არსებობის დღიდან სიღრმისეული კვლევა პირველად ჩატარდა, რომელმაც კომპანიაში არსებული სიტუაციის სიმძიმეზე ზუსტი მონაცემები გამოკვეთა.
„აუდიტის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მილსადენების ქსელური ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70% არის 45 და უფრო მეტი წლის. რაც შეეხება დაზიანების რიცხვს, ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით, დაახლოებით 8-ჯერ არის სიხშირე გაუარესებული. დღეის მდგომარეობით, ისტორიულად ბოლო 5 წლის მონაცემებს თუ დავაკვირდებით, კომპანია წლის განმავლობაში თავისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაახლოებით 0.4%-ს აახლებდა. მაშინ, როდესაც საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნები, 0.7%-ს აახლებენ,“- აცხადებს ნადირაძე.
მისივე ცნობით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინფრასტრუქტურულ ნაწილში 10 წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა განხორციელდეს. პროექტის ფარგლებში კონკრეტული, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ქსელებია იდენტიფიცირებული, რომლის განახლებაცაა დაგეგმილი.
მოკლევადიანი გეგმების შემთხვევაში, 2024 წლიდან დაიწყება მათი განხორციელება და პირველ სამ წელს მოიცავს.გარდა ამისა, კომპანია ზონირების პროექტის შემუშავებასაც აპირებს, რომელიც ქალაქის ზონებად დაყოფას განსაზღვრავს.
რაც შეეხება ინვესტიციების ტარიფში ასახვას, GWP მარეგულირებელ კომისიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა რამდენით შეიძლება გაიზარდოს ტარიფი, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, რადგან მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
ცნობისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო სისტემების აუდიტი დაასრულა. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.
bp.ge