ენერგორესურსებით მოვაჭრე შვეიცარიულმა კომპანიამ, Gunvor-მა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის უცხოური აქტივების შესყიდვაზე წინადადება უკან წაიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა მას კრემლის “მარიონეტი” უწოდა და მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მსგავს გარიგებას ეწინააღმდეგებოდა.
“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სანამ პუტინი უაზრო მკვლელობებს განაგრძობს, კრემლის მარიონეტი Gunvor ვერასდროს მიიღებს ოპერირებასა და მოგების ნახვაზე ლიცენზიას.” – დაწერა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა.
Gunvor-ის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, სეთ პიეტრასმა განაცხადა, რომ სახაზინოს მიერ გაკეთებული განცხადება “ფუნდამენტურად არასწორად ინფორმირებული და მცდარია” და დაამატა, რომ კომპანია მიესალმება “შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს ამ აშკარა გაუგებრობის შესწორება.”
“ამავდროულად, Gunvor-ს უკან მიაქვს Lukoil-ის საერთაშორისო აქტივებზე წამოყენებული წინადადება,” თქვა პიეტრასმა.
ცნობისთვის, Gunvor-ის თანადამაარსებელი პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, რუსი ოლიგარქი გენადი ტიმჩენკოა, რომელმაც კომპანიის წილი 2014 წელს, Gunvor-ის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, გაყიდა და მას შემდეგ კომპანია მოსკოვისგან თავის შორს დაჭერას ცდილობს.
თუმცა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს წარსულში ხაზგასმული აქვს, რომ პუტინს Gunvor-ში ინვესტიციები აქვს ჩადებული და შესაძლოა ასევე ჰქონდეს წვდომა Gunvor-ის ფინანსებზეც, რასაც თავად კომპანია უარყოფს.
22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს, სანქციები დაუწესა.
“გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ.
თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის, მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს”. – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.




