თბილისის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ აზიის ინფრასტურქტურის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია ,,GT GROUP”. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გააჟღერა.
,,გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება დღეს. ხელშეკრულების ფარგლებში შპს. ,,GT GROUP” მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან კომპანია ,,CRRC” (ჩინეთი) თანამშრომლობით შემდგომი 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს მოგვაწვდის 111 ვაგონს. 14 ერთეული 4 ვაგონიანი და 5 ერთეული 5 ვაგონიანი შემადგენლობები იქნება. ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. ახმეტელის თეატრი – ვარკეთილის ხაზს დღეს არსებულ 4 ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად 5 ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა. მეტროს შესყიდვის პროცესი გაგრძელდება შემდეგშიც, რათა სრულად განახლდეს დღეს არსებული შემადგენლობები.”- განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ,,GT GROUP” მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და დიდი კომპანიაა.
,,მას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აქვს მიწოდებული მეტროს ვაგონები. ისეთი ქალაქები როგორიც არის ჩიკაგო, ბოსტონი, მეხიკო, მელბურნი, სინგაპური, სან-პაულუ, ასევე ისეთ ქვეყნებში როგორიც არის პორტუგალია, სერბეთი, უნგრეთი. უახლოეს მომავალში ისინი საქართველოშიც მოგვაწვდიან ახალ ვაგონებს, რითაც ჩავანაცვლებთ ძველ ამორტიზებულ ვაგონებს.”- თქვა მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
