Groom.ge-მ ფრანჩაიზინგის სისტემა დააანონსა – ინტერვიუ გიორგი გარსევანიშვილთან

Groom.ge-მ ფრანჩაიზინგის სისტემა დააანონსა – ინტერვიუ გიორგი გარსევანიშვილთან
ჩვენს წელს ასევე დავაანონსეთ ფრანჩაიზინგის სისტემა, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას გახსნას Groom.ge-სა და ზოომაღაზია მაქსი-ს საკუთარი ფრანჩაიზ ფილიალი, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას Groom.ge-ის დამფუძნებელმა გიორგი გარსევანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფრანჩაიზინგის სისტემა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ისარგებლოს გამზადებული, გაწერილი ბიზნეს-მოდელით, საერთო ჩაწერის სისტემით, ერთიანი მარკეტინგ-მომსახურებით და მომარაგებით. ამას გარდა, გიორგი გარსევანიშვილმა ისიც გვითხრა, რომ 2023 წლიდან Groom.ge-ის ბაზაზე ზოომაღაზიათა ქსელი „მაქსი“ შეიქმნა და Groom.ge-ის 3 ფილიალში „მაქსი“ უკვე ფუნქციონირებს.
„კომერსანტი“ გიორგი გარსევანიშვილს გრუმინგზე, Groom.ge-ს შექმნასა და განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
რამ განაპირობა თქვენი გრუმინგით დაინტერესება?
გიორგი გარსევანიშვილი, Groom.ge-ის დამფუძნებელი: რომ გითხრათ, რომ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და მოთხოვნა გავაანალიზეთ, ტყუილი იქნება. დაახლოებით 8-9 წლის, წინ სამსახურში გვყავდა ვეიმარანერი, სახელად – ბაქსი. ოფისში გაიზარდა. ჩვენი კოლეგა იყო ფაქტობრივად.
ერთ შაბათ დღეს, მე და ჩემმა შვილმა ნიკუშამ, რომელიც მაშინ 11 წლის იყო, მივაკითხეთ მოსანახულებლად. საკმაოდ დასაბანი იყო და გადავწყვიტეთ დაგვებანა. ჩამოვრეკეთ ბევრ ვეტერინარულ კლინიკაში (მაშინ გრუმინგ სალონები არ იყო) და აღმოვაჩინეთ, რომ მოკლებეწვიანი ძაღლის დაბანაც კი სერიოზული პრობლემაა. ერთგან 2-თვიანი რიგიც კი დაგვხვდა ძაღლის დაბანაზე. ბოლოს, ინტერნეტით ერთ-ერთ ორგანიზაციას მივაგენით (სახელს არ დავასახელებ, არ იქნება კორექტული), სადაც გვითხრეს, რომ მოიყვანეთ, დავბანთო. მივედით. ჩვეულებრივ ადამიანებისათვის განკუთვნილ აბაზანაზე მიგვითითეს, აქ ჩასვითო, ახლა დაიჭირეთო, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე ნიკუშამ და ბაქსიმ ერთად ვიბანავეთ, 50 ლარი გადავიხადეთ, გამოვედით, გარეთ ვდგავართ სველები სამივე. უხარისხო შამპუნისგან ბაქსის ალერგია მისცა და ყურები ჰქონდა გაწითლებული. მოკლედ, ყველას ერთი აზრი გვქონდა – რაში გადავიხადეთ თანხა ვერ ვხვდებოდით. შოკიდან გამოსვლის პროცესში ბავშვი დაფიქრდა და „ძაღლების სალონი“ უნდა გავაკეთოთო, თქვა. რეალურად, ამ მომენტმა განაპირობა გრუმინგით დაინტერესება. შემდეგ, უმცროსი შვილი, ირინკაც ჩაერთო ინტერიერის დიზაინის საკითხებში და ახლა ფაქტობრივად ბიზნეს პარტნიორები ვართ, მოგება/ზარალის ცხრილს და დივიდენდს ითხოვენ ყოველი კვარტალის ბოლოს.
როდის გახსენით პირველი ფილიალი და როგორ ვითარდებოდა ბიზნესი?
2017 წელს გავხსენით პირველი ფილიალი ბერძენიშვილის ქუჩაზე. პირველი წელი რთული იყო. ნდობის მოპოვება არ იყო მარტივი. სიტყვა „გრუმინგის“ მნიშვნელობაც არ იცოდა ბევრმა. თუმცა, ნელ-ნელა ხალხი დავაჯერეთ, რომ როგორც პატრონისათვის, ასევე ცხოველისათვის სტრესის გარეშე გრუმინგის სერვისის მიღება შესაძლებელია. ამჟამად 5 ფილიალი გვაქვს თბილისის ცენტრში და გარეუბნებშიც და ჩვენი ფილოსოფია უცვლელია: მაქსიმალურად ვცდილობთ, გრუმინგის პროცესმა სტრესის გარეშე ჩაიაროს, თუნდაც, ყველაზე პრობლემური ცხოველებისათვის. ამისათვის ჩვენი გრუმერები სპეციალურ ტრენინგს გადიან, რათა ცხოველთან შესაბამისი კომუნიკაცია დაამყარონ.
რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
სტანდარტულად, სერვის-მენიუში ყველა ჯიშის ძაღლისა და კატის გრუმინგის მომსახურება გვაქვს: შეჭრა, დაბანა, გამოვარცხნა, სრული გრუმინგი, საგამოფენო გრუმინგი, და ა.შ. თუმცა, გაგვიგრუმავს კურდღლები, გოჭი, თხა და შეიძლება არ დაიჯეროთ და ვირიც კი. ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე ყველაფერი ამის მტკიცებულება დევს 🙂
რაზეა მეტი მოთხოვნა?
მცირე ზომის ჯიშების ვარცხნილობასა და ხარისხიანი შამპუნით დაბანაზე. ბოლო ერთი წელია ეს კომპონენტი კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ და ვიყენებთ ბრიტანული წარმოების ვეგანურ შამპუნს, რომლის იმპორტს ჩვენ თვითონ ვახორციელებთ და ცხოველურ ინგრედიენტებს საერთოდ არ შეიცავს.
როგორია თითოეული მომსახურების ფასი?
ცხოველის ჯიშის, ზომისა და სერვისი მიხედვით, რადიკალურად განსხვავებული ფასებია, ვცდილობთ შუალედი დავიჭიროთ 30-70 ლარს შორის.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად მოგებიანია გრუმინგის ბიზნესი?
ზოგადად, გრუმინგის ბიზნესი დიდად მოგებიანი არ არის, ამიტომ 2023 წელს ჩემი მეგობრები, ბადრი კოპლატაძე და გია ბაქრაძე შემოვიდნენ ინვესტიციით და Groom.ge-ს ბაზაზე ზოომაღაზიების დამატება გადავწყვიტეთ. 3 ფილიალში (ვაკეში ვერაზე და საბურთალოზე) ზოომაღაზია „მაქსი“ უკვე ფუნქციონირებს. გლდანისა და დიდი დიღმის ფილიალებში მზადების პროცესში ვართ.
შესაბამისად, გარდა გრუმინგისა, შინაური ცხოველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე სხვა მხრივაც დავიწყეთ ზრუნვა. „მაქსი“ იქნება ის ადგილი, რომელიც მათთვის აუცილებელ ყველა პროდუქტს შემოგთავაზებთ. კვების კუთხით აქცენტი გაკეთდება ისეთ საკვებზე, რომელიც გემოვნური თვისებებით მაქსიმალურად მიახლოებულია ნედლ საკვებთან. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ცივი დაპრესვის ტექნოლოგიით დამზადებული მშრალი საკვების წარდგენაა ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც სიახლეა ქართული ბაზრისთვის.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? კიდევ ხომ არ გეგმავთ გაფართოებას, თუნდაც რეგიონში?
გაფართოებას რაც შეეხება, დიახ, ვგეგმავთ, მათ შორის რეგიონებში. ჩვენს წელს ასევე დავაანონსეთ ფრანჩაიზინგის სისტემა, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას გახსნას Groom.ge-სა და ზოომაღაზია მაქსი საკუთარი ფრანჩაიზ ფილიალი. ისარგებლოს გამზადებული, გაწერილი ბიზნეს-მოდელით, საერთო ჩაწერის სისტემით, ერთიანი მარკეტინგ-მომსახურებით და მომარაგებით. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მკაცრი ხარისხის კონტროლის ჩარჩოებში მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ