GREDA-ს და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივმა პროფესიულმა კურსმა განხორციელების უფლება მოიპოვა

„მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის“ პროფესიულ კურსს, რომელიც GREDA-ს და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობით შეიქმნა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფოსგან განხორციელების უფლება მიანიჭა.
პროფესიული კურსი პირველია საქართველოში, რომელიც სრულად მოიცავს მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის სრულ ციკლს: სისტემების დაპროექტებას, მონტაჟს, ექსპლუატაციასა და ტექნიკური მომსახურებას.
პროგრამის ფარგლებში, პროფესიული კურსის პირველმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ახალგაზრდა მოთხოვნად პროფესიას სრულიად უფასოდ დაეუფლა.
სტუდენტებმა 3 დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FusionSolar ტექნოლოგიების ლაბორატორიაში გაიარეს. ლაბორატორიის ბაზაზე არსებული დანადგარების მეშვეობით, მსმენელებმა ინვერტერისა და ოპტიმაიზერების კონფიგურაციების გამართვა, ბატარეის შეერთება და მენეჯმეტის სისტემასთან დაკავშირება შეისწავლეს.
ასევე, პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მსმენელებმა ორი მშენებარე მზის სადგური მოინახულეს, დადგმული სიმძლავრით 35 კვტ და 300 კვტ. სადგურების მშენებლობას კომპანია Helios Energy ახორციელებს. სამშენებლო ობიექტზე ვიზიტისას, სტუდენტებმა მზის პანელების მონტაჟსა და ინვერტერთან დაერთების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
მომდევნო ნაკადზე მიღებას ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი მალე გამოაცხადებს.
„მოხარულები ვართ, რომ GREDA-ს და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივმა პროფესიულმა კურსმა განხორციელების უფლება მოიპოვა. პროფესიული განათლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკის სექტორში კადრების დეფიციტის პრობლემა სულ უფრო და უფრო მწვავდება, კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა კი იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კურსის საშუალებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები მოთხოვნად და პერსპექტიულ სპეციალობას ეუფლებიან. ასოციაცია ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე პროფესიული კურსის დანერგვას ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“ – აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძე.
„ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, გრედასთან ერთად პირველია, ვინც დანერგა მზის ფოტოელექტრული სისტემების ინსტალაციის კურსი და მიიღო განხორციელების უფლება სახელმწიფოსგან. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და ასევე სხვადასხვა ახალი მიმართულებების დანერგვა, რათა ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უზრუნველვყოთ განათლების ხელმისაწვდომობა და გავუჩინოთ ახალი შესაძებლობები და პერსპექტივები დასაქმების კუთხით“- ნატალია პატარიძე, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი.