საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავენ. საქმე ეხება პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში განსაზღვრული დაფინანსების წესი “ცვლის მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
“მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
დაფინანსების მსგავსი წესი თანხვედრაში არ მოდის ევროპის არცერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელთან და, სამაგიეროდ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების ძირეულ პრინციპთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტმა ნოელ კურანმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემისგანადგურებას გამოიწვევს და ჩვენ ამ შეფასებას სრულად ვიზიარებთ.
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რის წინაშეც დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც ინსტიტუცია, მაუწყებლის თანამშრომლები დაბეჯითებით გთხოვთ, კანონის საბოლოოდ მიღებამდე შეგვხვდეთ და მოისმინოთ ჩვენი მოსაზრებები” – წერია პირველი არხის გავრცელებულ განცხადებაში.
15 ნოემბერს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტით უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მშპ-ს არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე, დაფინანსების მოქმედი წესი აღარ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, “ნებისმიერი დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბიუჯეტი, როგორც წესი, უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური საჭიროებების, მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბიუჯეტის დაფინანსების წესი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, გასაწევი მომსახურება და მისი მანდატი“. ამასთან, მაუწყებლის ბიუჯეტი არ უნდა იყოს წინა წლის მოცულობაზე ნაკლები.
“მაუწყებლის დაფინანსება 2021 წელს შეადგენდა 69.6 მლნ ლარს, ხოლო 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტით იგეგმება 110.3 მლნ ლარის გამოყოფა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსების თითქმის 160%-იანი ზრდა განპირობებულია არა მაუწყებლის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული დაფინანსების წესიდან გამომდინარე – ამ პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდით“ – წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი და ბექა ლილუაშვილი არიან.