Google, Amazon, Citigroup – მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ასობით თანამშრომელს ათავისუფლებენ

გასული წლის ბოლოდან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, როგორებიცაა Google, Amazon, Citigroup, Blackrock და სხვები, სამუშაო ძალის შემცირებასა და ასობით თანამშრომლის დათხოვნაზე ალაპარაკდნენ. მიმდინარე შემცირებები კი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებითა და კომპანიების მიერ პანდემიის პერიოდში გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით აიხსნება. ასობით თანამშრომლის გათავისუფლების ტენდენცია კი სამუშაო ბაზარზე უამრავ გამოწვევას აჩენს, განსაკუთრებით “თეთრსაყელოიანი” კადრებისთვის.

Forbes-ის ინფორმაციით, იანვრის თვის განმავლობაში 58 ტექნოლოგიურმა კომპანიამ ჯამურად 7 785 თანამშრომელი დაითხოვა – გამოცემა მიზეზად საოპერაციო პროცესების რეორგანიზაციასა და AI პროექტებში რესურსების გადანაწილებას ასახელებს. სამუშაო ძალის შემცირების ტალღა 2023 წლის მსოფლიო მასშტაბის “ქამრების შემოჭერის” სტრატეგიას მოჰყვა – გასულ წელს ანალოგიური ბედი გაიზიარა ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულმა 260 000-მა ადამიანმა.

შემცირებების გრძელვადიანი ეფექტი თანამშრომლების პროგნოზებზე უკვე შეინიშნება – MyPerfectResume-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დასაქმებულთა 85% ფიქრობს, რომ შესაძლოა, 2024 წელს სამსახური დაკარგოს.

თავად კომპანიები ოპერირებისას სიფრთხილეს იჩენენ, თანამშრომლების შემცირება ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარებათ – შესაბამისად, შემცირებების პროცესი, სავარაუდოდ, დასასრულს ჯერ კიდევ არ მიახლოებია. მზარდი ტენდენცია კი ცხადყოფს, რომ უმსხვილესი ბიზნესები ეკონომიკურ პირობებსა და მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე მორგებას ცდილობენ და, შესაძლოა, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებისთვისაც ემზადებიან.

ასევე დაგაინტერესებთ