GMC: 2023 წელს თბილისის მერიამ ₾315 ათასის კვების მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 315 ათასი ლარის კვების მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერია კვების მომსახურებას უმეტესად დელეგაციებისა და სტუმრების დასახვედრად იძენდა და “2023 წელს რესტორნისა და კვების მომსახურების შესაძენად სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მიზნით 60-მდე პირდაპირი შესყიდვა გაფორმდა”.
“გამარტივებული შესყიდვების დასაბუთებებში საკმაოდ ხშირად შეგვხვდება, მაგალითად, პროგრამის “თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერის” ფარგლებში სტუმრებისთვის კვების მომსახურების შეძენა. მთლიანობაში ამ პროგრამის მონაწილეების კვებაზე 2023-ში მერიამ 17 560 ლარი დახარჯა.
შესყიდვებში ასევე გვხვდება კახა კალაძის მიერ კერძო სექტორის მასპინძლობა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, რაც თბილისის მერიის ბიუჯეტს მთლიანობაში 38 350 ლარი დაუჯდა.
20 884 ლარის ღირებულების 6 გამარტივებული შესყიდვაა გაფორმებული სხვადასხვა რესტორანთან თბილისობის ფარგლებში უცხოელი სტუმრების გამასპინძლების მიზნით. ორი შესყიდვის ღირებულება 7 000 ლარს აჭარბებს.
გთავაზობთ, 2023 წლის 5 ყველაზე ძვირადღირებულ გამარტივებულ შესყიდვას კვების მომსახურების შეძენისთვის:
· 69 835 ლარი სასტუმრო რედისონში 720 ადამიანის კვებისთვის;
· 61 811 ლარი რესტორან ბიოლში 132 ადამიანის მასპინძლობისთვის;
· 33 014 ლარი რესტორან წისქვილში 190 ადამიანის კვებისთვის;
· 21 712 ლარი სასტუმრო ბილტმორში 200 ადამიანის მასპინძლობისთვის;
· 10 000 ლარი სასტუმრო ბილტმორში კონფერენციის მონაწილეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხა დახარჯა თბილისის მერიამ 2022 წელს გამარტივებული შესყიდვების გზით კვების მომსახურების შეძენაში. 2022 წელს, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით, რესტორნებისა და კვების მომსახურებაში მერიამ ჯამში 343 373 ლარი გადაიხადა”. – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.