GITA-ს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე დამატებით 1000 დაინტერესებული პირი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით.
პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და მოიცავს IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარებასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
Do IT in Georgia – პროგრამა აერთიანებს GITA-ს IT პროგრამებს, როგორებიცაა 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება, Do IT with the EU და Code-IT.
პროექტი სხვადასხვა რესურსის გაერთიანებით ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. შესაბამისად, IT სფეროში დაინტერესებულ ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი პროფესია ან აიმაღლონ კვალიფიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ დასაქმებასა და განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ IT რესურსებსა და სასწავლო პროგრამებს. პლატფორმაზე განთავსებულია, როგორც მთავრობის, ისე დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული კურსები. ამ გზით ჩამოყალიბდება ერთიანი სისტემა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ციფრულ სამყაროში ადაპტაციას.
5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 1046 მონაწილე მომზადდა პროგრამირების, დიზაინისა და მართვის მიმართულებით. პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება. შესაბამისად, წელს დამატებით 1000 სტუდენტი შეძლებს სასურველი კურსის გავლას.