GITA-ს ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მისი ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება, აგროტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სწავლების მნიშვნელობის გაზრდა და ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში.
„ტექნოლოგიურ კვირეულებში მონაწილეობა შეუძლია +14 ასაკის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული მიმართულებებით. თითოეული პროექტის ფარგლებში, 50 მონაწილე 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად გაივლის ტრენინგებსა და „ვორქშოფებს“ ბიოტექნოლოგიების, აგროტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მონაწილეები პარალელურად დაესწრებიან „მენტორინგ სესიებს“, რომლის დროსაც იმუშავებენ საკუთარი იდეებისა და პროდუქტების დახვეწაზე, მეხუთე დღეს კი გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები წარადგენენ საკუთარ იდეებს.
ტექნოლოგიური კვირეული ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარდება 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში (მის: თამარ მეფის ქუჩა 1, სამუსიკო სკოლის შენობა). პროექტის განმახორციელებელია თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool). პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/GI0aoQ
ტექნოლოგიური კვირეული საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩატარდება 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, პროექტის განმახორციელებელია Fireflies. პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://apps.mygita.ge/zs/G30GBe“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.