GIPA-ში 20-22 დეკემბერს ევროპარლამენტის მოდელირება გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას GIPA ავრცელებს.
„სამი დღის მანძილზე, 150 ახალგაზრდა 5 კომიტეტში გადანაწილდა. მუშაობის პროცესში ისინი ევროპარლამენტის მოქმედების არსს, პრინციპებს, კულტურასა და სირთულეებს გაეცნენ და შემაჯამებელ სესიაზე დასკვნითი კანონპროექტები წარადგინეს.
გახსნით სესიაზე ახალგაზრდებს GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა, ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში ედიტე მედნემ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა და ეკონომიკურ საკითხთა დეპარტამენტის სექციის ხელმძღვანელმა ფილიპე სტაკოვსკიმ მიმართეს. სესიის დასასრულს დიპლომატები უნივერსიტეტის რექტორს მაკა იოსელიანს შეხვდნენ. შეხვედრაზე რექტორმა დიპლომატებს უნივერსიტეტის მისიაზე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში შეტანილ წვლილსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. თავის მხრივ, დიპლომატებმა სამომავლო ურთიერთობებსა და პარტნიორობის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში, GIPA-სა და ევროპის აკადემიურ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დასკვნითი ასამბლეის შემდეგ, კომიტეტების ხელმძღვანელებმა გამარჯვებული დელეგატები გამოავლინეს. მათ GIPA-მ 1000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადასცა, რომლის გამოყენებას ახალგაზრდები GIPA-ს სასწავლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში შეძლებენ.
ევროპარლამენტის მოდელირება ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. GIPA ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




