ქართულ-სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში €300 მილიონის საინვესტიციო ღირებულების ოთხ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართულ-სლოვაკურმა საინვესტიციო ჯგუფმა საქართველოში 110 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.
„ჯინო ჰოლდინგის“ მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარის“ 250 მილიონევროიანი პროექტი, რომელიც აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
ნოდარ გიორგაძე: „თბილისის ბულვარი“ იქნება სავიზიტო ბარათი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – რეგიონისთვის. ის იქნება მინი მწვანე ქალაქი, რომელიც 30-ჰაზე გაშენდება. არ მოვჭრით არცერთ ხეს იმ ტერიტორიაზე, პირიქით, დამატებით 3000 უნიკალური ჯიშის ახალი ხე დაირგვება. სხვადასხვა ფუნქციის შენობა-ნაგებობები – სკოლა, ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სასტუმროები თავისუფალ ადგილას აშენდება. ცალკე ვაშენებთ 850 ავტომობილზე გათვლილ პარკინგის შენობას. „თბილისის ბულვარი“ უნიკალური პროექტია, რომლის მსგავსი ჯერ არ გამიკეთებია. ის იქნება, პრაქტიკულად, კურორტი ქალაქში, რომლის მშენებლობა, სავარაუდოდ, 5-6 წელიწადში დასრულდება.
„ჯინო ჰოლდინგის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაწყებულია და უკვე ინვესტირებულია 7,5 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის, „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილია 100 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი.
გარდა ამისა, „ჯინო ჰოლდინგის“ მიმდინარე პროექტების ჩამონათვალშია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო გრანდი“, რომელიც თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე შენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონი ევროა და მშენებლობის დასრულება 2025 წლის მარტშია დაგეგმილი.
ნოდარ გიორგაძე: „ვფიქრობთ, 2025 წლის მეორე კვარტალში სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა. ეს იყო ერთ-ერთი რთული პროექტი სხვადასხვა მიზეზის გამო (ადგილმდებარეობა, ისტორიული შენობა) და ძალიან ფრთხილად ვაშენებდით. უკვე ფინალში გავედით და სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში მშენებლობას დავასრულებთ. „ჯინო გრანდი“ იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ველნეს-სპა ცენტრით ფიტნესით და ყველა საჭირო მომსახურებით. მიწისქვეშ იქნება ბარი, კლუბური ცხოვრების მოყვარულებისთვის. ასევე, მიწისქვეშ განთავსდება 79 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი – მოგეხსენებათ, თბილისში ეს როგორი გამოწვევაა. სასტუმროს მართვაზე მოლაპარაკებები გვაქვს Wyndham-თან, რომელსაც „ჯინო ჰოლდინგის“ სხვა სასტუმროებიც აქვს მართვაში აღებული და ვფიქრობ, „ჯინო გრანდშიც“ Wyndham-ის რომელიმე 5-ვარსკვლავიანი ბრენდი შევა“.
კიდევ ერთ სასტუმროს „ჯინო ჰოლდინგი“ ბაკურიანში აშენებს. კომპანიის ინფორმაციით, „ჯინო ველნესი“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. პროექტში უკვე ინვესტირებულია 1.5 მლნ ევრო. ჯამური ღირებულება კი 5 მლნ ევროა.
ნოდარ გიორგაძე: „ბაკურიანში აკვაპარკისა და სასტუმრო კომპლექსის მოწყობას ვგეგმავდით, მაგრამ შემდეგ პროექტი შეიცვალა. ახლა ვაშენებთ 5-ვარსკვლავიან, ბუტიკური ტიპის სასტუმროს, რომლის მთავარი უპირატესობა იქნება გეოთერმული აუზები. ბაკურიანში ერთადერთი ადგილია, სადაც გეოთერმული წყალი ამოდის და ზუსტად იქ შენდება ჩვენი სასტუმრო. ზამთრის კურორტზე სრიალის შემდეგ გეოთერმული წყლის აუზში განტვირთვა ტურისტებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება“.
„ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა, სლოვაკეთის შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკაშიც დაიწყო ინვესტიციების ჩადება. კომპანია 50 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს გარდაბანში აშენებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 28 მლნ ევროა და უკვე ინვესტირებულია 3,5 მლნ. ევრო.
ნოდარ გიორგაძე: „საქართველო ჰიდრორესურსების მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ გვაქვს მზის ენერგიაც, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. სლოვაკეთში მაქვს აშენებული ფოტო ელექტროსადგურები, სადაც წლიური მზიანი საათია 1 100 სთ. საქართველოში კი, 1400-1600 საათია წელიწადში მზიანი და იმ ტერიტორიებზე არაფერი გვაქვს. ენერგეტიკაში „ჯინო ჰოლდინგის“ საინვესტიციო აქტივობები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომლის განხორციელება საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს შესძენს“.
ინფორმაციისთვის: მიმდინარე კვირაში, სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ საქართველოში საქმიანობის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის დელეგაცია იმყოფებოდა ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრ ეკონომიკის მინისტრ დენისა საკოვას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრის გარდა, ფინანსთა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრები და სლოვაკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფებოდა, ასევე „ექსიმ ბანკის“ ხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ „ჯინო ჰოლდინგი“ სწორედ „ექსიმ ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს საქართველოში.
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილის შეფასებით, „ჯინო ჰოლდინგის“ საქმიანობა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ახლა ჩვენ სლოვაკ კოლეგებთან ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამშრომლობა გაფართოვდეს და მან ენერგეტიკის, ტრანსპორტის და IT მიმართულებები მოიცვას. ამ კუთხით ჩვენ კონკრეტული გეგმები გვაქვს“, – ეწერა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.