Geo Sky ახალი ავიარეისების დამატებას 4 ქვეყანაში გეგმავს

ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელიც სამგზავრო ავიაგადაყვანების ბაზარზე Georgian Wings-ის სახელით ოპერირებს, მოლდოვაში, ირანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ავიარეისების დამატებას გეგმავს. კომპანიის გეგმებზე Geo Sky-ის გენერალური დირექტორი, შალვა კიკნაძე საუბრობს.
მან მედიასთან 2023 წელი შეაფასა და 2024 წლის გეგმებზეც ისაუბრა: „ავიაკომპანია Geo Sky-სთვის 2023 წელი სხვა წლებისგან საკმაოდ განსხვავებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ დაიწია, ჩვენ ოპერირება სამგზავრო მიმართულებებით დავიწყეთ. აღსანიშნავია, საქართველოს მასშტაბით პირველად ისტორიაში უზრუნველვყავით კომერციული რეისები თბილისი-ს მიმართულებით.
სიახლე ის გვაქვს, რომ ერთი კვირის წინ საქართველოში პირველი Boying 737 ჩამოვიყვანეთ. ავიაკომპანიამ ორი თვითმფრინავი შეიძინა და მეორეს იანვარში ველოდებით. გეგმაში გვაქვს არაერთი ახალი მიმართულება, რომელიც აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი და აუცილებლად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების უფრო კომფორტულ გადაადგილებას მსოფლიო მასშტაბით.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს – ბათუმის მიმართულებით 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურ ფრენებს უზრუნველვყოფთ, იანვრის განრიგს მოგვიანებით გავაკეთებთ. ახლა რაც გვაქვს – ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურ ფრენას ვგეგმავთ. დამატებით ახალი მიმართულება რაც იგეგმება, ეს არის კიშინიოვი, თეირანი, ყაზახეთი, უზბეკეთი. იმედი გვაქვს, 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის სრულად გვექნება ათვისებული ის მიმართულებები, რაც გეგმაში გვაქვს“.