GEN-Z-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის თვითდიაგნოსტიკა

ზეტ თაობა, რომელიც 1997-დან 2012 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს მოიცავს, ინტერნეტს ფსიქიკური ჯანმრთელობის თვითდიაგნოსტიკისთვის იყენებს, თუმცა არა ისე, როგორც ეს შეიძლება ბევრს ჰგონია. Made of Millions Foundation-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზეტ თაობის წარმომადგენლების მხოლოდ მცირე ნაწილი ეყრდნობა ექსკლუზიურად ონლაინ რესურსებს თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას. უმრავლესობა ამ რესურსებს პროფესიონალური დახმარების პარალელურად იყენებს. ეს შედეგი ეწინააღმდეგება გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს ახალგაზრდებში მოდურია საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოსტირება, პროფესიული დახმარების გარეშე.
კვლევისთვის გამოკითხული 13-დან 28 წლამდე ასაკის 970 ადამიანიდან, 431 მათგანი იმყოფებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის „მოგზაურობის“ რომელიმე ეტაპზე. დიაგნოზის მქონე ეროვნულად რეპრეზენტატიული მონაწილეებიდან მხოლოდ 5% (10 ადამიანი) იყო მთლიანად თვითდიაგნოსტირებული და არ გეგმავდა პროფესიონალთან კონსულტაციას. 8% აპირებდა სპეციალისტის ნახვას საკუთარი კვლევის შემდეგ. რესპონდენტების თითქმის სამი მეოთხედი კი დიაგნოზს იღებდა ან მხოლოდ კლინიცისტისგან, ან კლინიკური შეფასებისა და დამოუკიდებელი კვლევის კომბინაციით.
ნეირომეცნიერი უმა ჩატერჯი მხარს უჭერს ახალგაზრდების მიერ ინტერნეტის გამოყენებას მათი სიმპტომებისა და შესაძლო დიაგნოზების შესახებ ინფორმაციის შესასწავლად. მისი აზრით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საჭირო ხდება, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ შეიძლება ჰქონდეს ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა OCD, რომელიც ხშირად არასწორად არის გაგებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის იმის ჩვენება, რომ მათი გამოცდილება, რომლისთვისაც შესაძლოა არასოდეს ჰქონდათ სახელი, საერთო გამოცდილებაა, განსაკუთრებით, როდესაც ამ სიმპტომებთან ხშირად სირცხვილის გრძნობაა დაკავშირებული.
უსაფრთხო თვითდიაგნოსტიკა
ჩატერჯი ახალგაზრდებს რეკომენდაციას აძლევს, გამოიყენონ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგია ონლაინ თვითდიაგნოსტიკისას. სიმპტომების შესწავლისა და პოტენციური დიაგნოზის იდენტიფიცირების შემდეგ, სასურველია სანდო არაკომერციული და პროფესიონალური სამედიცინო ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც ამ მდგომარეობაზე სპეციალიზდებიან კვლევის, განათლების ან ადვოკატირების გზით. ამის შემდეგ რეკომენდებულია ადგილობრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მოძიება.
მაგალითად, OCD-ს შემთხვევაში, სასარგებლოა საერთაშორისო OCD ფონდი, რომელიც არა მხოლოდ თერაპევტებისა და კლინიკების, არამედ მხარდაჭერის ჯგუფებისა და სხვა სპეციალიზებული ორგანიზაციების კატალოგს შეიცავს.
ჩატერჯი რეკომენდაციას უწევს, რომ ინტერნეტის საშუალებით თვითდიაგნოსტირებულმა პირებმა აუცილებლად მიმართონ მედიკოსს, მათ შორის ზოგად ექიმს, რომელსაც შეუძლია თერაპევტთან ან ფსიქიატრთან მიმართვის გაცემა. არასწორი თვითდიაგნოზის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანი გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს მიიღებს.
მხოლოდ სოციალური მედიის ანგარიშებზე ან გავლენიან პირებზე დაყრდნობა სახიფათოა, თუნდაც ისინი კვალიფიციურად გამოიყურებოდნენ. ამ გზით ადამიანები შეიძლება დეზინფორმაციის მსხვერპლნი გახდნენ ან არაეფექტური მკურნალობის მეთოდებს მიმართონ.
თვითდიაგნოსტიკის ორი მხარე
Mental Health America-ს მკვლევრის თერეზა ნგუენის აზრით, ადამიანები ონლაინ კვლევის პროცესში ჯანმრთელობის წიგნიერებას ავითარებენ. ეს პროცესი მოიცავს სიმპტომების შესახებ კითხვას, თემატურ ფორუმებში მონაწილეობას, სოციალურ მედიაში ინფლუენსერების კონტენტის ნახვას და ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგის გავლას.
-ში ყოველწლიურად ორი მილიონი ადამიანი იყენებს Mental Health America-ს სკრინერს ისეთი მდგომარეობებისთვის, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და ფსიქოზი. მომხმარებლებს შეუძლიათ შედეგების დაბეჭდვა და ექიმთან ან თერაპევტთან კონსულტაციისთვის წარდგენა.
ნგუენის აზრით, ბევრ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ეფექტურად ჩაატაროს ონლაინ კვლევა, გაეცნოს სოციალურ მედიას და შექმნას საკუთარი კონტენტი, ამასთანავე მიიღოს დროული გადაწყვეტილებები პროფესიული დახმარების ძიების შესახებ.
მიუხედავად ამისა, სოციალურ მედიაში მაღალი ჩართულობის მქონე პოსტები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ტერმინებს, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზებს არაფორმალურად იყენებენ, შეიძლება ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ზეტ თაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობებს მოდურ ტენდენციად აღიქვამს.
წყარო: Mashable marketer.ge

ასევე დაგაინტერესებთ