საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„კერძოდ, GCCA-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის და დვანის საჯარო სკოლებს. შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებმა მომხმარებლის უფლებების, კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, ასევე სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი ქეისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
2025 წელს, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა – შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების, რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების, სასკოლო-საგანმანათლებლო სექტორში ჩართული პირების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირებას. შესაბამისად, დღის წესრიგის თანახმად, ივნისის თვეში დაგეგმილია შეხვედრები – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის, საჩხერის მუნიციპალიტეტის #1 და #2, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის #4 და #7 საჯარო სკოლებში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოზარდების სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება. სამუშაო შეხვედრები ხორციელდება GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
