GCCA-მ შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო

GCCA-მ შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ საქმიანობის სფეროს უმაღლესი განათლების მიწოდება წარმოადგენს, ხოლო შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი“ და შპს „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ კონტროლირებადი ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ სამედიცინო მომსახურების მიწოდების ბაზარზე საქმიანობენ.
ბაზარზე კონცენტრაციის შესაძლო ეფექტის შეფასება განხორციელდა ქვეყანაში მოქმედი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული მომსახურებების ჭრილში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მის მიღმა მიღებული შემოსავლების მიხედვით.
მონაცემები დამუშავდა როგორც 2024 წლის, ასევე 2025 წლის ცხრა თვის შედეგების გათვალისწინებით.
განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბაზარი ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით დაბალკონცენტრირებულია და კონცენტრაციაში მონაწილე და მათთან დაკავშირებული სუბიექტების საბაზრო წილები მცირეა. ასევე, უმნიშვნელოა ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დადგინდა, რომ განსახორციელებელი კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს