საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) “რუსთავის ავტობაზრობა” და “მიკადო ჯორჯია” ინფორმაციის არასრულად მოწოდების გამო განმეორებით, 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ისაა, რომ სააგენტოს მიერ ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების – შპს “რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს “მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.
საკითხი ეხება – ქალაქ რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.
GCCA-ს განცხადებით, საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან, შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს. რის გამოც თავდაპირველად შპს “რუსთავის ავტობაზრობასა“ და შპს “მიკადო ჯორჯიას“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა – 3 000 ლარის ოდენობით.
შემდგომ კომპანიებს სააგენტომ ხელახლა განუსაზღვრა ვადა ინფორმაციის სრულად მოწოდების მიზნით, რაც კვლავ არასრული სახით იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, ეკონომიკურ აგენტებს ცალ-ცალკე განმეორებით დაეკისრათ ჯარიმა – 5 000 ლარის ოდენობით.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 9 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.