GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
ქ. ბრიუსელში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ერთობლივ ფორმატში იმსჯელეს, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის სფეროში შემავალი ქვეყნებისთვის, სახელმწიფო დახმარებისა და კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების საკითხებზე. ასევე, სასამართლო პრაქტიკისა და გზამკვლევი დოკუმენტების შემუშავების თემებზე. კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიან მექანიზმებზე, ბაზრის კვლევის საერთაშორისოდ აღიარებულ მაგალითებზე, შედეგებზე და გამოწვევებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის მისიის ფარგლებში, დადებითი შეფასება და რეკომენდაციები მიიღო. კერძოდ, დადებითად შეფასდა GCCA-ის, როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიძლიერე. მათ შორის, ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და ადვოკატირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონცენტრაციების კონტროლის პროცესში GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებზე.