საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო მოწყობილობების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საუბარია სტაციონარული და მობილური ამწე მოწყობილობების რეალიზაციის სექტორში, შპს „ჯითისი ქრენიქსის“ მიერ შპს „ვეება რენთის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე.
GCCA-ს შეფასებით, კონცენტრაცია არსებით გავლენას არ მოახდენს კონკურენტულ გარემოზე.
“ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ამწე მოწყობილობებით მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას 81 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 83 969 189.7 ლარი. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 803.6 ერთეულს უტოლდებოდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი მხოლოდ 7.5 პუნქტით იზრდება, 811.1 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი – უმნიშვნელოა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება კომპანიებს, სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ორივეს დირექტორი გიგა მოწყობილია. შპს ჯითისი ქრენიქსის 50%-ს შპს ანაგი ფლობს, ხოლო 50%-ს შპს ჯი თი სი ჯგუფი.
ცნობისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 4 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.
