GCCA-იმ გამაგრილებელი სასმელების საწარმო ,,კამპას” ეტიკეტირების სტანდარტის დარღვევა დაუდგინა. ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციით, კომპანია ბროწეულისა და ალუბლის წვენს ყიდდა, რომელიც სინამდვილეში 80%-ით კონცენტრირებული ვაშლის წვენისგან შედგებოდა.
GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ამათ ამაროვის თქმით,,,კამპას” ხარვეზის აღმოსაფხვრელად 1-თვიანი ვადა განესაზღვრა.
,,საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ განიხილა ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება, რომელიც აღნიშნავდა, რომ მოქალაქემ ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიძინა ,,კამპას’’ წვენი. წვენს იერსახეზე დატანილი ჰქონდა მხოლოდ ბროწეული და ალუბალი, წარწერა ჰქონდა- ,,ბროწეული და ალუბალი 100%”, სხვა სახის ინფორმაცია შეფუთვაზე არ იყო. როცა მომხმარებელმა წვენი გახსნა, ნახა რომ რეალურად, 80% ამ წვენის ვაშლის კონცენტრირებული წვენი იყო; ალუბლის წვენი 10% და ბროწეულის წვენი 10%.
GCCA-იმ, რა თქმა უნდა, შეისწავლა საქმე და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა. მომხმარებელი როცა პროდუქციას ყიდულობს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იერსახეს, მომხმარებლების დიდი ნაწილი ეტიკეტს არ კითხულობს, ამიტომ პროდუქციის იერსახეს და შეფუთვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიზუალურად მიწოდებული ინფორმაცია არის განმსაზღვრელი, მომხმარებელი შეიძენს თუ არა პროდუქციას. ,,კამპას” 1-თვიანი გონივრული ვადა განესაზღვრა, რათა დარღვევა აღმოიფხვრას. მათ დაევალათ, რომ შემადგენლობა შესაბამისობაში მოიყვანოს იერსახესთან ან ვაშლის გამოსახულება დაამატონ შეფუთვას. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული მკაფიოდ, გასაგებად და ნათლად, რაც ნიშნავს, რომ კითხვითი ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს. როცა პროდუქტს ყიდულობთ და ხედავთ, ბროწეულის და ალუბლის გამოსახულებას, ვერ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ შეიძლება წვენი ვაშლის იყოს ან სხვა ხილის”,- აღნიშნა ამათ ამაროვმა რადიო ,,კომერსანტის” ეთერში.
GCCA -იმ ასევე დაადგინა ფასდაკლების დროს მარაგების მართვისა და ინფორმაციის დროულად მიწოდების სტანდარტი. მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს მარაგების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს. იმ შემთხვევაში, თუ ფასდაკლებით შეძენილი ნივთი მარაგში აღარ აღმოჩნდება, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს ანალოგიური ფასდაკლება იმავე კატეგორიის სხვა ნივთზე შესთავაზოს.
,,მარაგების მართვისა და ინფორმაციის დროულად მიწოდების საკითხთან დაკავშირებით GCCA-იმ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ეხება შპს ნოვას, რომელიც სამშენებლო სექტორში ოპერირებს. მომხმარებელმა მოგვმართა განცხადებით, რომ “ნოვას” ვებგვერდზე ფასდაკლება იყო გამოცხადებული, მან შეიძინა კონკრეტული ნივთები,(ფასდაკლება რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გამოცხადებული და მომხმარებელმა ნივთები ბოლო დღეს შეიძინა) ბოლო დღეს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მარაგები ამოწურული იყო და შესაბამისად, მომხმარებელს თანხას დააბრუნებდნენ. ეს ძალიან რთული მომენტია მომხმარებლისთვის, რადგან ბევრი მათგანი კონკრეტულ ფასდაკლებას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება; რა თქმა უნდა, მას თანხა არ სჭირდება, მას ნივთი სჭირდება.
GCCA-იმ დაადგინა, რომ მომხმარებელს მარაგების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს. ,,ნოვას” შემთხვევაში კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული ნივთები შესთავაზა, მაგრამ შეთავაზების დროისთვის უკვე ფასდაკლება აღარ გაავრცელა.
GCCA-იმ დაადგინა, რომ ფულის დაბრუნების შეთავაზება, არ ნიშნავს, რომ მომხმარებლის უფლება აღდგა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოინახოს გამოსავალი და მომხმარებელს მოვაჭრემ იმავე კატეგორიაში ფასდაკლება უნდა შესთავაზოს, რომელიც მოქმედებდა ნივთის შეძენის დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ,,კამპასა” და ,,ნოვას” დავუდგინეთ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეზე ვრცელდება”,- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ამათ ამაროვმა რუბრიკაში- ,,კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა”.
