საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საავტომობილო გზების მშენებლობის სფეროში, ფ/პ პაატა შუბითიძის მიერ შპს „ნომერი – ერთის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
ცნობისთვის, პაატა შუბითიძე შპს პ.გ.თ-ის ხელმძღვანელი და შპს “ქციას” პარტნიორიცაა. მას 2020 წელს “ქართული ოცნებისთვის” 60 000 ლარი აქვს შეწირული.
როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო იტყობინება, კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით განხორციელებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზების მშენებლობის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 608 ეკონომიკური აგენტი. ბაზრის მოცულობამ შეადგინა 3 960 138 764.33 ლარი (დღგ-ს გარეშე).
“შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე შეადგინა 197.63 ერთეული, კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ კი 198 ერთეულამდე გაიზარდა. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციით გამოწვეული ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი – უმნიშვნელო. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია”, – წერია უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) თანხმობა გასცა 11 კონცენტრაციაზე.
