GAU Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა (AATCE – Apple Authorized Training Center for Education).
GAU ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც შეუერთდა სასწავლო ცენტრების გლობალურ ქსელს.
სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ Apple-ის მიერ სერტიფიცირებული ლექტორებით სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. ასევე, Apple-ის პროდუქციით აღჭურვილი ლაბორატორიის მოწყობა და ყველა დათქმული სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანა.
Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი GAU-ში ოპერირებას უკვე იწყებს. პირველ ეტაპზე დაინტერესებულ პირებს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს Swift Development-ის მიმართულებით შესთავაზებს.
„ჩვენი, როგორც უმაღლესი სასწავლებლის მისიის ნაწილია მოწინავე სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა. სწორედ ამ მისიისკენ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია GAU-ს მიერ AATCE სტატუსის მოპოვება. სასწავლო კურსები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ უახლეს ტექნოლოგიებს და მიიღონ iOS აპლიკაციების განვითარების უნარები“ – აღნიშნავს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ნატა ბაჯიაშვილი.
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა AATCE სტატუსი StrategEast-ის მხარდაჭერით მოიპოვა.
„როგორც StrategEast-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, მოხარული ვარ, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) გახდა Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი (AATCE), რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს განათლების IT ეკოსისტემისთვის. პროგრამის ფარგლებში, გადამზადდნენ GAU-ს ლექტორები. აგრეთვე, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დაეუფლონ iOS აპლიკაციების განვითარების უახლეს შესაძლებლობებსა და სხვა ტექნოლოგიებს.
StrategEast-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში ციფრული ეკონომიკის განვითარება, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისა და ადგილობრივი აკადემიური დაწესებულებების თანამშრომლობების ხელშეწყობა. გვჯერა, რომ GAU-ს ახალი სტატუსი ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების აღზრდას და საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებას.
ვულოცავ GAU-ს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და მოუთმენლად ველით სამომავლო ნაბიჯებს IT განათლების კუთხით,“ – აღნიშნავს ლიკა მერაბიშვილი, StrategEast-ის რეგიონული დირექტორი.