Galt & Taggart – კავკასიის ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები კლებულობს

2024 წლისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გაგრძელებაა მოსალოდნელი კავკასიის ქვეყნებში, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად აისახება 2024 წლის საინვესტიციო საქმიანობაზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე – ამის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ს პროგნოზით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და 2024 წლის ბოლომდე 100 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.
„2021-2022 წლებში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დადგა. ფასების ზრდის მიზეზები სხვადასხვა იყო, რომელთაგან აღსანიშნავია მიწოდების ჯაჭვების მოშლის შედეგად სატრანსპორტო გადაზიდვების ხარჯების ზრდა, კოვიდ პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაგროვებული მოთხოვნის ზრდა, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომის გამო ნავთობ პროდუქტებისა და სურსათის ფასების ზრდა და ა.შ.
ინფლაციის საგანგაშო ტენდენციებიდან გამომდინარე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთების გაზრდა დაიწყეს. მაგალითად, -ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფედი) საპროცენტო განაკვეთი 2022 წლის დასაწყისში არსებული 0.25%-დან 2023 წლის ბოლოს 5.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იგივე პერიოდში 0.0%-დან 4.5%-მდე გაზარდა.
2023 წელს ინფლაცია გლობალურად შენელდა. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში ის ჯერ კიდევ მიზნობრივ 2.0%-იან დონეზე მაღლა ნარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის შემცირება გაგრძელდება 2024 წელს და საპასუხოდ ცენტრალური ბანკები გადავლენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე. მაგალითად, ფედის უახლესი პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთის შემცირება 100 საბაზისო პუნქტით 4.5%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით საპროცენტო განაკვეთის შემცირება 75 საბაზისო პუნქტით 3.75%-მდე არის მოსალოდნელი 2024 წლის ბოლომდე.
საპროცენტო განაკვეთების ზრდა კავკასიის ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2020 წლიდან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად საპროცენტო განაკვეთი გაზარდა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა, რაც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ყველაზე მოკლე პერიოდში (1 წლის განმავლობაში) განაკვეთის ზრდა საქართველოში განხორციელდა, კერძოდ:
საქართველოს ეროვნულმა ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2021 წლის მარტიდან ეტაპობრივად 300 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის მარტში პიკურ მაჩვენებელს, 11.0%-ს მიაღწია.
სომხეთის ცენტრალურმა ბანკის საპროცენტო განაკვეთი 2020 წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად 550 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და პიკურ მაჩვენებელს, 10.75%-ს 2022 წლის დეკემბერში მიაღწია.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 2023 წლის მაისში, 250 საბაზისო პუნქტით გაზარდა 9.0%-იან პიკურ მაჩვენებლამდე.
2023 წელს კავკასიის სამივე ქვეყანა გადავიდა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე, რადგან ამ ქვეყნებში ინფლაცია სწრაფად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სომხეთში საპროცენტო განაკვეთი თანაბარი ზომით შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად, რადგან ინფლაციის შემცირება ამ ქვეყანაში უფრო გვიან დაიწყო, კერძოდ:
საქართველოში წლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3.0%-ზე დაბალია 2023 წლის აპრილიდან. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მაისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად, 150 საბაზისო პუნქტით 9.5%-მდე შეამცირა.
სომხეთში ინფლაციის შემცირება მკვეთრი იყო, 2023 წლის მეორე ნახევრიდან დეფლაცია ფიქსირდება (ანუ წინა წლის შესადარ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასები შემცირდა). საპასუხოდ, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის შემცირება მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 2023 წლის ბოლომდე, 150 საბაზისო პუნქტით, 9.25%-მდე შეამცირა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ წლიური ინფლაცია 4.0%-ზე მაღლა 2023 წლის ოქტომბრამდე ნარჩუნდებოდა, ხოლო ოქტომბრიდან აღნიშნულ დონეს ჩამოსცდა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმაც არ დააყოვნა და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნოემბრიდან დაიწყო და საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად, 2023 წლის დეკემბერში, 100 საბაზისო პუნქტით, 8.0%-მდე შეამცირა.
2024 წლისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გაგრძელებაა მოსალოდნელია კავკასიის ქვეყნებში, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურად აისახება 2024 წლის საინვესტიციო საქმიანობაზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდება და 2024 წლის ბოლომდე 100 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, იგივე ზომის, 100 საბაზისო პუნქტით შემცირებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.