G7-ის თავდაცვის მინისტრები: ვემხრობით უკრაინის შეუქცევად გზას NATO-სკენ
დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თქმით, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის “შეუქცევად გზას”, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, მხარს უჭერენ.
ამის შესახებ იტალიაში, ნეაპოლში მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.
“ხაზს ვუსვამთ ჩვენს განზრახვას, რომ მოკლე და გრძელ ვადაში უკრაინას დახმარება, მათ შორის სამხედრო დახმარება, მივაწოდოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის შეუქცევად გზაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის NATO-ში გაწევრიანებისკენ”. – წერია განცხადებაში.
G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები EU-სა და NATO-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და წერენ, რომ უკრაინული ძალების წვრთნებისა და განათლების შესახებ ევროკავშირისა და NATO-ს პროგრამების მხარს უჭერენ
“მიგვაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განათლებისა და წვრთნების საჭიროებების დახმარება მოკლე და გრძელ ვადაში”. – წერია განცხადებაში.
G7-ის ქვეყნების მინისტრები ასევე ადასტურებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის “ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გამძლე მშვიდობით” დასრულება სურთ, რომლის ფარგლებშიც უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაცული იქნება.
დიდი შვიდეულის წევრები არიან: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და იტალია.
წლევანდელი შეხვედრა იტალიაში გაიმართა და მას G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გარდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზფებ ბორელი , NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი დაესწრნენ.
წყარო: ტაბულა