გამოძიებით ჟურნალისტურ პლატფორმა Follow the Money (FTM)-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც საქართველოში პრო-სამთავრობო არხ „იმედს“ ფლობს და ევროკავშირის წინააღმდეგ მომართული პროპაგანდითაა ცნობილი, საკუთარ ბიზნესს ნიდერლანდებში აფართოებს – იმავე ევროკავშირში, რომლის მიმართაც საჯაროდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
FTM-ის სტატიაში წერია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მაუწყებელი – რეგულარულად ავრცელებს ანტი-დასავლურ ნარატივებს და ითვლება „ქართული ოცნების“ ინფორმაციულ დამხმარედ. არხის მფლობელი რუხაძე ღიად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული კურსით გამოირჩევა.
მიუხედავად ანტი-ევროპული რიტორიკისა, FTM-ის მიხედვით, რუხაძეს სერიოზული ბიზნესინტერესები აქვს ნიდერლანდებში. „იმედის“ მფლობელი კომპანია და კიდევ სამი ფირმა, რომელთაც რუხაძე ფლობს, რეგისტრირებულია ამ ქვეყანაში. მათ შორისაა Liberty Bank, Rustavi Steel, და Hunnewell Cement – ყველა მათგანი საქართველოში მსხვილი მოთამაშეა.
გამოცემა წერს, რომ ამ კომპანიებიდან ზოგი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ფონდის მფლობელობაშია, რაც კიდევ უფრო აჩენს ეჭვს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესთა გადაკვეთის შესახებ.
მიუხედავად ექსპერტების მოწოდებისა, რომ ნიდერლანდებმა უნდა დაუწესოს სანქციები რუხაძესა და ივანიშვილს, ამ ეტაპზე ჰააგა არ აპირებს ცალმხრივ ქმედებებს. როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ FTM-ს განუცხადა, სანქციები მხოლოდ ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი.
