Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე შეუზღუდავი კონტროლის საფრთხე სპარსეთის ყურის ქვეყნებს აიძულებს, თავიდან განიხილონ ძვირადღირებული გეგმები ისეთი მილსადენების გასაყვანად, რომლებიც გვერდს აუვლიან ამ სტრატეგიულ სრუტეს, რათა ირანს მომავალში ნავთობისა და გაზის ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
FT წერს, რომ ირანში მიმდინარე კონფლიქტმა კიდევ უფრო გამოკვეთა საუდის არაბეთის 1 200 კილომეტრის სიგრძის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის სტრატეგიული მნიშვნელობა. მილსადენი 1980-იან წლებში, ირან-ერაყის “ტანკერების ომის” დროს, ჰორმუზის სრუტის დახურვის შიშის ფონზე აშენდა და დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს, რომელიც ყოველდღიურად, ჰორმუზის სრუტის სრულად გვერდის ავლით, წითელი ზღვის პორტ იანბუს 7 მილიონ ბარელ ნავთობს აწვდის.
“დღევანდელი გადმოსახედიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გენიოსური სტრატეგიული ნაბიჯად ჩანს” – განაცხადა სპარსეთის ყურის ენერგეტიკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
საუდის სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა, გასულ თვეში ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ეს მილსადენი არის “მთავარი მარშრუტი, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა საუდის არაბეთი მილსადენებით მეტი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობებს განიხილავს – ქვეყანა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდასა და ახალი მარშრუტების აშენებას განიხილავს.
რეგიონში მილსადენების შექმნის წინა გეგმები არაერთხელ შეჩერდა მაღალი ხარჯებისა და სირთულეების გამო. თუმცა, ატლანტიკური საბჭოს ახლო აღმოსავლეთის პროგრამების უფროსი მრჩევლის, მაისუნ კაფაფი FT-ს უყვება, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში განწყობა ახლა შეიცვალა.
გამოცემის ცნობით, ახალი მარშრუტის ერთ-ერთი ვარიანტია აშშ-ს ხელმძღვანელობით შემუშავებული ამბიციური კორიდორის პროექტის აღდგენა, რომელიც ინდოეთიდან სპარსეთის ყურის გავლით ევროპამდე უნდა გაგრძელდეს და რომელიც IMEC-ს სახელითაა ცნობილი. ერთ-ერთი ყურის ქვეყნის ოფიციალური პირი FT-ს უყვება, რომ ამ პროექტის ნაწილი თავდაპირველად პოლიტიკურად რთულ მონაკვეთს მოიცავდა, რომელიც ისრაელის ჰაიფას პორტამდე მიდიოდა.
კრისტოფერ ბუშმა, ლიბანური კერძო კომპანია Cat Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც საუდის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის ერთ-ერთი მთავარი მშენებელი იყო, გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი პროექტების მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა ომის დაწყებამდეც.
ბუშის შეფასებით, ერაყიდან იორდანიის, სირიის ან თურქეთის გავლით სახელმწიფოთაშორისი რთული მარშრუტების ღირებულება 15-დან 20 მილიარდ დოლარამდე იქნება.
“ასეთი მარშრუტების შესახებ კვლევები უკვე მიმდინარეობს ერაყისთვის. არსებობს შესაძლებლობა, რომელიც განიხილება” – თქვა მან.
ბუში გამოცემასთან აღნიშნავს, რომ განხილვების მიუხედავად, ერაყში მრავალი უსაფრთხოების რისკია, მათ შორის დიდი რაოდენობით აუფეთქებელი ბომბები და ქვეყანაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ან სხვა შეიარაღებული ჯგუფების ყოფნა. ხოლო, ომანის პორტების მიმართულებით სამხრეთით მიმავალი მილსადენები ასევე წააწყდება სამშელებლო სირთულეებს – უდაბნოსა და კლდოვანი მთების რელიეფებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ომანის პორტებიც, რომლებიც მიმდინარე განხილვებში შესაძლო მილსადენების მარშრუტის ერთ-ერთ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს, არ არის დაცული ირანის უსაფრთხოების საფრთხეებისგან. ბოლო დღეებში საკვანძო პორტ სალალაჰზე დრონებით განხორციელებულმა შეტევებმა მისი დროებითი დახურვა გამოიწვია.
FT წერს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე რეალისტური ვარიანტები შესაძლოა იყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის გაფართოება და ასევე აბუ დაბის არსებული მარშრუტის გაძლიერება ფუჯაირას მიმართულებით. ეს გაზრდის გამტარუნარიანობას ახალი სახელმწიფოთშორისი ინფრასტრუქტურის სირთულეების გარეშე.
საუდის არაბეთს ასევე შეუძლია განავითაროს დამატებითი საექსპორტო ტერმინალები წითელი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის ღრმაწყლოვან პორტში, რომელიც ნეომის პროექტისთვის შენდება.