FT: ზელენსკი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის ემზადება

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ემზადება, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდალი თანამდებობიდან გადააყენოს.
გამოცემის ცნობით, გუშინ, 29 იანვარს, ზელენსკიმ უკრაინის მთავარსარდალს ომის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზეც ზალუჟნისგან უარი მიიღო.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხთან დაახლოებულ ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, გამოცემის თქმით, ზელენსკიმ ზალუჟნის განუმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, ახლანდელი თანამდებობიდან ზალუჟნი მაინც გათავისუფლდებოდა.
ამავე წყაროებზე დაყრდნობით Financial Times წერს, რომ ვინაიდან ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ცნობები უკრაინულ მედიაში გუშინ უკვე გამოჩნდა, შესაძლოა, ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება დროებით გადაიდოს.
გუშინ უკრაინულ მედიაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდლის ვალერი ზალუჟნის გადაყენების შესახებ ცნობები გავრცელდა.
გამოცემა Unian ყოფილ დეპუტატ ბორისლავ ბერიოზაზე (პარტია ბერიოზას ეკოპარტია) და რადას ორი წევრის, არტიომ დმიტრუკისა და ოლექსი გონჩარენკოს ნათქვამზე დაყრდნობით წერდა, რომ ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გონჩარენკომ კი განაცხადა, რომ ზალუჟნის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც სამხედრომ უარი თქვა.
თუმცა, მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.
“ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლე არ არის”. – დაწერა სამინისტროს ოფიციალურმა Telegram არხმა.