Freedom House გმობს თბილისში ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ბიბინს სედაკა საგანგებო განცხადებით ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
“Freedom House-ი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც სისტემატიურად და უმრავლესობით უჭერდა მხარს მათი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ მათ ვუერთდებით განგი საქართველოს ხელისუფლების მეორე მცდელობის გამო მიიღოს ‘უცხოეთის აგენტების’ კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს და მედიასაშუალებებს დააკისრებს ვალდებულებას რეგისტრირებისა ‘ორგანიზაციებად, რომლებიც უცხოეთის ძალის ინტერესებს ემსახურებიან’. მიღების შემთხვევაში, ეს კანონი გამოიწვევს ლეგიტიმური სამოქალაქო ქმედებების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას და ხელისუფლებას მიანიჭებს ახალ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენება შეეძლება იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა (NGO) დასაჯარიმებლად ან სხვაგვარად დასასჯელად, ვის მუშაობასაც არ ეთანხმებიან. ეს საქართველოს ჩააყენებს რეპრესიული რეჟიმების რიგში, როგორებიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში – ავტოკრატიების, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მსგავსი ზომებით – და მნიშვნელოვან წინაღობას შეუქმნის საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტია ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი” – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ამასთან, Freedom House-ი გმობს მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც თბილისის ქუჩებში გავიდნენ ამ კანონპროექტის გასაპროტესტებლად – მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენებას და მასობრივ დაპატიმრებებს. ღრმად შეშფოთებული ვართ მუქარებით და თავდასხმებით ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ფიგურების, და მათი ოჯახების მიმართ. ამგვარი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის – და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სახელმწიფოსთვის.
გამოვდივართ დაუყოვნებელი და კოორდინირებული მოქმედების მოწოდებით აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რათა შეიზღუდოს მზარდი რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ შემოთავაზებული კანონის ვენეციის კომისიის მიერ შეფასება, ევროპულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. თუ კანონს მიიღებენ ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მისი დასკვნების გამოქვეყნებამდე, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს მოგზაურობაზე შეზღუდვები და ფინანსური სანქციები.
ესაა კრიტიკული მომენტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და უნდა გაგზავნონ მკაფიო მესიჯი, რომ ქართული ოცნების ამჟამინდელი ნაბიჯები მიუღებელია” – წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Freedom House-ი საგანგებო განცხადებაში.