Freebusiness.ge-ზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეხვედრას გამართავენ – რა გეგმები აქვს პლატფორმას?

პლატფორმა Freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი პლატფორმაზე ვერიფიცირებული ბიზნესების შეხვედრას აანონსებს. ჩუგოშვილის თქმით, დაახლოებით 2400 ბიზნესს, რომლებიც პლატფორმაზე არიან რეგისტრირებული, ჯამურად 10 მლრდ ლარზე მეტი ბრუნვა აქვთ.
„პლატფორმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა, ორი იდეის და მოთხოვნის გარშემო, დღეს უკვე 2426 კომპანიას აერთიანებს. ხელმომწერები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის ახალი და დაკავებულების გათავისუფლება გარდაუვალად აუცილებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 200 000-ზე მეტი კომპანია გვაქვს, თუმცა რეალურად მხოლოდ 79 000 კომპანიას აქვს ბრუნვა, რომელიც აუდიტის სამსახურში გზავნის ყოველწლიურ ანგარიშგებას. 79 000 კომპანიიდან, 2400 კომპანია არც ისე ცოტა რიცხვია ორ კვირაში. ამ კომპანიებს ჯამურად 10 მლრდ ლარზე მეტი აქვთ ბრუნვა.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ახალ წლამდე დაკავებულების გათავისუფლება იყო, ვერიფიკაცია ამ საკითხზე 31-ში ჩაიკეტება. ხოლო იანვრიდან ახალი აქტივობებია დაგეგმილი. იანვრის შუა რიცხვებში გვინდა, რომ ეს ადამიანები ფიზიკურ ღონისძიებებზე მოვიწვიოთ. შეხვედრას კონფერენციის ფორმატი ექნება. იქნება პანელები, დისკუსია, სადაც იმ პრობლემებზე ვიმსჯელებთ, რასაც ეკონომიკურ მოლოდინებში და სოციალურ კომპონენტში ვხედავთ. გვინდა, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვიმსჯელოთ, ვანახოთ, თუ რატომ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ეკონომიკურ კრიზისში გადავიდეს და თუ ეკონომიკურ კრიზისში გადავა, მაშინ რა გეგმა გვაქვს. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რასაც ვგეგმავთ“,- ამბობს Freebusiness.ge-ის დამფუძნებელი.