“Freebusiness-ს აქვს პოტენციალი, რომ ქართული ბიზნესის ხმა იყოს” – ბექა დალაქიშვილი

ტექ-ანტრეპრენერმა ბექა დალაქიშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ პლატფორმა Freebusiness-ის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს პოტენციალი, ქართული ბიზნესის ხმა გახდეს. თუმცა არ უნდა მოხდეს მისი პოლიტიზება, არამედ იმ სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც ბიზნესები პოზიციას დააფიქსირებენ.
ბექა დალაქიშვილს მიაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის როლი პოლიტიკაში ჩარევა არ არის, თუმცა თავისუფალი სიტყვის უფლება ყველას აქვს. დალაქიშვილი დასძენს, რომ პლატფორმას აქვს პოტენციალი, რომ ქართული ბიზნესის ხმა გახდეს.
“მცირე და საშუალო ბიზნესის როლი არ არის პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა თავისუფალი სიტყვის ღიად გამოხატვის უფლება ისე, რომ არ შეეშინდეს საკუთარი უსაფრთხოების, ყველას უნდა ჰქონდეს. ეს უსაფრთხოება შეიძლება იყოს პირადი, ქონების და ა.შ. ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტი.
ჩემი აზრია, რომ Freebusiness-ის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს. ეს უნდა იყოს პოზიციის დაფიქსირების პლატფორმა. ასევე თანამშრომლობების, კოოპერატივის. 100%-ით მივესალმები, რომ Freebusiness-მა გააგრძელოს მოღვაწეობა და ვფიქრობ, რომ ამ პლატფორმას აქვს პოტენციალი, რომ იყოს ქართული ბიზნესის ხმა, რომელსაც ყველამ უნდა უსმინოს, რათა სწორად წარმართოს პოლიტიკური პროცესები ბიზნესთან მიმართებაში”, – ამბობს ბექა დალაქიშვილი.