ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის დეპარტამენტს (თავდაცვის სამინისტრო) ოფიციალური ბრძანებით დაუბრუნებს ძველ სახელწოდებას – ომის დეპარტამენტი (ომის სამინისტრო).
ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი შესაბამის ბრძანებას ხელს პარასკევს, 5 სექტემბერს მოაწერს.
თავდაცვის სამინისტროსთვის, რომელსაც შენობის ხუთკუთხა ფორმის გამო პენტაგონსაც უწოდებენ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე არსებული სახელის, ომის სამინისტროს დაბრუნების განზრახვის შესახებ დონალდ ტრამპმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა. თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის დეპარტამენტის არსებობის პერიოდში ქვეყანას შესანიშნავი გამარჯვებების ისტორია ჰქონდა.
Fox News-ს თეთრ სახლში დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პარასკევს გამოაცხადებს. ამ ეტაპზე ომის სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს მეორე სახელი იქნება, ისევე, როგორც ომის მინისტრი თავდაცვის მდივნისთვის (თავდაცვის მინისტრი).
ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი თავდაცვის მინისტრ ჰეგსეთს დაავალებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ზომების მიღებას, რათა ომის სამინისტრო მუდმივ სახელწოდებად იქცეს.
· აშშ-ში ომის დეპარტამენტი (ომის სამინისტრო) 1789 წელს შეიქმნა.
· 1949 წლიდან მას თავდაცვის დეპარტამენტი (თავდაცვის სამინისტრო) ეწოდა.
ფორუმი
