Forbes: ხელოვანი ელიტების წინააღმდეგ

2023 წელს გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის სახლობის XVII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის პრესტიჟული პრემია მოიპოვა. მხოლოდ 23 წლის ასაკში, მან თანამედროვე ქართული აკადემიური მუსიკის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთა გვერდით და Forbes-ის 30-წლამდელთა სიაშიც მოწინავე ადგილი დაიმკვიდრა. გთავაზობთ ახალგაზრდა ხელოვანთან ინტერვიუს, რომელსაც ნინო ჟვანია უძღვება.

გიორგი, Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. როგორ უნდა მოიქცეს დღეს წარმატებული ახალგაზრდა პიანისტი, რომ შექმნას საქართველოს მომავალი?

ამ სიაში პიანისტის მოხვედრა ორმაგად დასაფასებელია, ვინაიდან დღეს კლასიკურ მუსიკას არა აქვს ის დაფასება, რაც, მაგალითად, 50 წლის წინ ჰქონდა. ეს ძალიან სამწუხაროა. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში კლასიკური მუსიკის ჟანრი იწყებს, შეიძლება ითქვას, კვდომას და ყველამ მის „რეორგანიზაციაზე“ უნდა ვიფიქროთ. ამ სიის სათავეში ყოფნა, რამდენადაც ქედმაღლურად არ უნდა გამომივიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. და თუ მე რაიმე ახალს ვაკეთებ იმ ჟანრში, სადაც დღეს ყველაზე ნაკლებად წარმოგვიდგენია ახლის კეთება, ეს აღიარება ორმაგად დასაფასებელია. დიდი მადლობა ამისთვის.

საინტერესოა, რომ ახსენე კლასიკური მუსიკის კრიზისი. ფაქტია, დღეს მთელ მსოფლიოში მოიმატა მსმენელის საშუალო ასაკმა, ახალგაზრდები იშვიათად დადიან კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. ამ კრიზისის ფონზე რა უნდა გააკეთოს შენნაირმა, სიახლეებისთვის გახსნილმა ადამიანმა იმისათვის, რომ კლასიკური მუსიკა საინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის?

პირველ რიგში, არ უნდა შეგბოჭოს უფროსმა თაობამ. მე ძალიან გამიმართლა, რომ გვერდით მყავდა ბატონი რეზო თავაძე, რომელიც არასოდეს მბოჭავდა და მეუბნებოდა – როგორც უკრავ, ისე უკარი. დღეს ეს პრობლემა არსებობს. უფროსი თაობის წარმომადგენლები თვლიან, რომ როგორც ისინი უკრავენ, ისე უნდა უკრავდეს მოსწავლე. იმ თავისუფლების წყალობით, რომელიც რეზო თავაძემ მომცა, უკვე დამოუკიდებელმა პიანისტმა ვიცი, რომ არანაირ ჩარჩოში არ უნდა მოვექცე. როცა ვფიქრობ კლასიკურ მუსიკაზე, არ ვფიქრობ მასზე, როგორც ძალიან ძველ რაღაცაზე, რომელსაც ზედმეტად ფრთხილად უნდა მოექცე. როცა ბეთჰოვენი თავის ნაწარმოებებს წერდა, იმ დროს ეს პოპმუსიკა იყო და დღესაც კლასიკა უნდა ვაქციოთ თანამედროვედ.

და როგორ? მაგალითად, დებ ინტერპრეტაციაში თანამედროვე იდეებს? თავს უფლებას აძლევ, ნაწარმოების კონცეფცია იყოს უფრო თანამედროვე და არა იმ ეპოქის შესაბამისი, რომელშიც შეიქმნა ესა თუ ის ნაწარმოები?

შარშან ერთ დღეს ჩავატარე სამი კონცერტი ერთი და იმავე პროგრამით. კონცეფცია იყო – როგორ იღლება კლასიკური მუსიკა, ერთ დღეში როგორ გაიარა 600 წელმა. მე ხალხს ვაჩვენე, რომ საინტერესოა მუსიკის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ყურებაც, გააზრებაც, მასში ჩადებული კონცეფციის დანახვაც. კონ­ცერტზე განათება მე მოვიფიქრე. გავიაზრე, რა უნდა მცმოდა, როგორ გამოვიდოდი სცენაზე. ყველაფერს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ეს ერთი კონცეფცია მკაფიოდ მიეწოდოს მსმენელს. ეს როცა გაქვს, მსმენელი უკვე ხედავს არა მხოლოდ იმას, რასაც უკრავ, არამედ რაღაც უფრო მეტს. ამის შედეგად, ჩემს კონცერტებზე მსმენელთა 50 პროცენტი მაინც ახალგაზრდები არიან, რაც ძალიან მიხარია.

შენ არ თვლი, რომ კლასიკური მუსიკა ელიტური ხელოვნებაა?

ასეთი მოსაზრებაც არსებობს. ამ საკითხში მეყოფა ხოლმე აზრები. ჩემი მოსაზრება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კლასიკური მუსიკა ელიტურია. ბევრი ასე თვლის.

თუმცა შენ ხომ აკეთებ რაღაცებს, ამ იდეას რომ დაუპირისპირდე?

კი და აქ უკვე შემოდის „ოპოზიტ“ ფიქრი, რომ მე თუ ვაკეთებ ამას, მაშინ რატომ არის ის ელიტური? მაგრამ საბოლოო ჯამში, დღეს კლასიკური მუსიკა ჯერ კიდევ ელიტური მუსიკაა, იმიტომ რომ ასე გვასწავლეს, ასე მოვდივართ. კლასიკური მუსიკა იყო ჯერ ეკლესიაში, მერე გამოვიდა იქიდან და იყო სამეფო კარზე. ჩანასახიდან ის ელიტური იყო. დღეს უკვე ჯენ-ზის და მილენიელებს ელიტა აღარ აინტერესებთ. ისინი ვერ მეგობრობენ ელიტასთან და არც უნდა იმეგობრონ, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში იერარქია აღარ არის მნიშვნელოვანი. კლასიკური მუსიკა ემსახურება იმ ხელოვნებას, რომელიც ამბობს, რომ ის უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და გამოხატავდეს მის აზრს. მაშინ, თუ ელიტურია, ვის ესაუბრება? თუ არ გისმენენ, ვის ელაპარაკები? თუ ვერ გხედავენ, ვერ გაფასებენ, შენთან – ელიტასთან – ყოფნა არ უნდათ, მაშინ სცენიდან ვისთან ვამყარებთ კონტაქტს? ამიტომ მე ვცდილობ, ნაკლებად ვიყო ელიტური ჟანრის წარმომადგენელი და ვაქციო ეს ჟანრი თანამედროვედ.

მე ძალიან მომწონს შენი ეს დამოკიდებულება და მიკვირს, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიე ისეთ ელიტურ და ტრადიციებით დახუნძლულ სფეროში, როგორიცაა საფორტეპიანო კონკურსების სფერო. როგორ მოხდა ეს? თუნდაც ავიღოთ რუბინშტეინის კონკურსი, რომელსაც ასეთი ისტორია და ტრადიციები აქვს. როგორ მიიღეს შენი ასეთი თავისუფალი დამოკიდებულება ინტერპრეტაციის მიმართ?

როცა ჟიურის შეფასებები მოვისმინე, მივხვდი, რომ ძალიან გაიყო ხმები. მაგრამ რაც არ უნდა ვაძაგოთ და ვერ ვიტანდეთ ამ კონკურსებს, ალბათ მაინც იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე გულწრფელია.

ვრცლად