Forbes: უმსხვილესი ოფშორული კომპანიები საქართველოში

საქართველოში -20 ოფშორულ ან ნაწილობრივ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული საწარმოების 2021-22 წლების საშუალო აქტივების მოცულობა ჯამში ₾3.6 მილიარდს შეადგენს.

საქართველოში ოფშორები ყოველთვის აქტუალური იყო, რამაც მეტი ყურადღება საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ მიიპყრო. კერძოდ, ცვლილებით, ერთჯერადად, ოფშორიდან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსთვის აქტივების გადაცემა არ დაიბეგრება.

საქართველოში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანია ოპერირებს. ოფშორი, რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც” უწოდებენ, არის ქვეყანა ან ცალკეული ტერიტორიული ერთეული, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ. ასეთი შეღავათები შესაძლოა, დაბალი გადასახადები, კონფიდენციალურობა, ანგარიშგების მარტივი წესი და სხვა საკითხები იყოს. მსოფლოში ამგვარი მოწესრიგების მქონე ბევრი იურისდიქციაა. მათ შორის, ყველაზე პოპულარული პანამა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერსი, მენი, ჰონგ-კონგი და მარშალის კუნძულებია.

ამდენად, წარმოდგენილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფშორების კვლევისა და Forbes Georgia-ს საქართველოს 100 უმსხვილესი კერძო კომპანიის რეიტინგზე დაყრდნობით, ოფშორულ ან ნაწილობრივ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული ოცი მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს რეიტინგები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ. კომპანიების რეიტინგი დალაგებულია 2021-22 წლების დაბეგვრამდე მოგების ჯამის მიხედვით.

1. შპს „მარსი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾416.6 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾870.1 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾84.9 მილიონი

2021-22 წლებში მიღებული დაუბეგრავი მოგების ჯამით გამორჩეული შპს „ მარსია“. ამ პერიოდში „მარსის“ მოგებამ ჯამში 416.6 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის ბრენდული სახელწოდება „კრისტალბეთია“, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ონლაინტოტალიზატორთან, ონლაინსამორინესა და სხვა მსგავს თამაშობებთან. შპს „მარსის“ საბოლოო მფლობელი მალტაში რეგისტრირებული „ბვინ ჰოლდინგსია“.

დაკავშირებული პირები: „ბვინ ჰოლდინგსის“ წარმომადგენლები არიან – კარლ დიაკონი, კარლ გონცი, რობერტ ჰოსკინი, ობდულიო ბაკარეზე, რობ ჯონსი.

2. შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾234.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾336.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾1.73 მილიარდი

აქტივების მოცულობით გამორჩეული – შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგია“, რომელსაც ოცეულის აქტივების საერთო ოდენობის 48.2% უკავია. კომპანიის 100%-იან წილს კი მალტაში რეგისტრირებული „კომოდონ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი“ ფლობს. „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ შვილობილი საწარმოების საშუალებით ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ოპერირებს, ესენია: კავშირგაბმულობა (სილქნეტი), სტუმარმასპინძლობა („რედისონის“ ბრენდის სასტუმროები), გართობა (სამორინე), უძრავი ქონების მართვა, ენერგეტიკა (ბახვისწყალზე) და სხვა.

საბოლოო ბენეფიციარები: გიორგი რამიშვილი და იერკინ ტატიშევი

3.  შპს „თბილისი ენერჯი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾161.0 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾802. მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾239.2 მილიონი

ოცეულში აქტივების 6.7%-იანი წილით მეორე პოზიციაზე შპს „თბილისი ენერჯია“, ხოლო მოგების მიხედვით ადგილს „თბილისი ენერჯის“ თბილისის ტერიტორიაზე გაზის დისტრიბუციის მონოპოლია ფლობს. კომპანიის 100%-იან წილი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ „ვოლთბეის“ ეკუთვნის.

დაკავშირებული პირები: შპს „ვოლთბეის“ დირექტორი ხვიჩა მაქაცარია

4. შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾132.9 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾332 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾109.1 მილიონი

მოგების მიხედვით, ოცეულში მეოთხე პოზიციაზე შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიაა“. აღნიშნულ კომპანიას სრულად სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „გრინფილდ ფაინენშიალ კორპი“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი 2022 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით შმაგი ქემერტელიძე იყო. „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ ძირითადი საქმიანობა მანგანუმის ფეროშენადნობების წარმოება და რეალიზებაა.

დაკავშირებული პირები: შმაგი ქემერტელიძე

5. შპს „ჯეოსთილი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾102.3 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾705.6 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾214.1 მილიონი

ოცეულში აქტივების 6%-იანი წილი შპს „ჯეოსთილს“ უჭირავს, რომლის 90%-იან წილს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჯორჯიან გრუპ ჰოლდინგი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 10%-ს – ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ჯიესვი სთილი“. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო არმატურის წარმოებაა.

საბოლოო ბენეფიციარები: უცნობია

6. შპს „სელფი მობაილი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾53.6 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾266.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾152.2 მილიონი

მოგების მიხედვით მეშვიდე პოზიციას შპს „სელფი მობაილი“ იკავებს. კომპანიის 71%-ს შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“ ფლობს, ხოლო დანარჩენ 29%-ს შპს „ინვესტიკო ალიანსე“, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. შპს „სელფი მობაილი“ ამავე სახელწოდების ბრენდის ქვეშ ფიჭურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.

საბოლოო ბენეფიციარი: ხვიჩა მაქაცარია

7. შპს „ს საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾41.4 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾77.2 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾45.8 მილიონი

კომპანია „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100%-იან წილს ფლობს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული „აი-სი-თი-ეს-აი საქართველოს კორპორაცია“. საქართველოში რეგისტრირებული კომპანია ფლობს საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს საპორტო ქალაქ ბათუმში.

საბოლოო ბენეფიციარი: უცნობია

8. შპს „ალმა“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾37.2 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾73.3 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾250.9 მილიონი

სარეკლამო ბიზნესიდან წარმოდგენილი კომპანია შპს „ალმაა“, რომელიც ოცეულის აქტივების 6.4%-იან წილს იკავებს. თავად კი 1995 წლიდან ოპერირებს საქართველოს გარე რეკლამის ბაზარზე. სწორედ, „ალმა“ ფლობს დიდ ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს.

საბოლოო ბენეფიციარები: ლევან და სოსო ფხაკაძეები

9. შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾18.7 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾285.5 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾30.4 მილიონი

კომპანიის 50%-იან წილს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „აკერტ გრუპ ეს.ეი.“ ფლობს, ხოლო 25%-ს – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედი“. დანარჩენ 25%-ს – შპს „ფრენფილდ ჯორჯია“. თავად ამ კომპანიასაც სრულად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ფრენფილდ ჰოლდინგსი“ ფლობს. „ჯორჯიან პეტროლიუმის“ საქმიანობა ავიაკომპანიებისთვის საავიაციო საწვავის მიწოდებაა. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები არიან: მიხეილ იაშვილი და გიორგი კაპანაძე.

საბოლოო ბენეფიციარები: უცნობია

10. სს „სუფთა სახლი“

2021-22 წლების მოგების ჯამი: ₾16 მილიონი
2021-22 წლების შემოსავლების ჯამი: ₾301.7 მილიონი
2021-22 წლების საშუალო აქტივები: ₾106.1 მილიონი

„სუფთა სახლი“ 2024 წლის მარტამდე შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმით იყო რეგისტრირებული, რომლის 96%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული GRG Trading-ი ფლობდა, ხოლო დანარჩენ 4%-ს – თამარ ღვინიაშვილი. ამ პერიოდიდან სააქციო საზოგადოების ფორმით გადაკეთდა, რომლის აქციები იმავე პროპორციით განაწილდა. „სუფთა სახლის“ ძირითადი საქმიანობა მაღაზიების ქსელის საშულებით ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის და სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებების მიწოდებაა.

საბოლოო ბენეფიციარები: არჩილ მაჭარაშვილი (96%); თამარ ღვინიაშვილი 4%.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ