FIREWORKS – ნახეთ AD BLACK SEA 2025-ის გამარჯვებულები

13 სექტემბერს, სასტუმრო შერატონ ბათუმში, კრეატიული ინდუსტრიის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2025-ის დახურვის ცერემონიალი და დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 14 კატეგორიაში (მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი) ეჯიბრებოდნენ. მათ საერთაშორისო ჟიურის 5 გუნდი აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. წლევანდელი გრანპრის მფლობელი ქართული სააგენტო Playmakers Georgia გახდა.
ფესტივალის გრან-პრისთან ერთად, ფლეიმეკერსის კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა.
„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სარეკლამო ვიდეოს სინდისი პატიმარი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი – ასევე სინდისი პატიმარი, მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე.
კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი.
მზია ამაღლობელის საქმეზე შექმნილმა კამპანიებმა ფესტივალზე ჯამში 3 მედალი აიღო:
კატეგორიაში – „სარეკლამო კამპანიები“ – ბრინჯაოს მედალი აიღო კრეატიული სააგენტო „სუპერმარკეტის“ ვიდეომ „12 მოქალაქე“, რომელიც ამაღლობელის პატიმრობას გამოეხმაურა პიარკამპანიით – „არაფერში არ ჯდება“.
აღნიშნულმა ვიდეომ კიდევ ერთი, ვერცხლის მედალი მოიპოვა კატეგორიაში – „მდგრადი განვითარების მიზნები“.
ოქროს მედალი მოიპოვა კრეატიულმა სააგენტომ „სუპერმარკეტი“„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ სპეციალური გამოცემისათვის კატეგორიაში – „საუკეთესო ბეჭდური გამოცემა“. სააგენტომ გამოსცა სპეციალური ნომერი, სახელწოდებით – „სიმართლეში ბრალდებული“, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ისტორიას ამ გამოცემებში წლების განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებით ასახავს.
გადადით ბმულზე და ნახეთ ყველა გამარჯვებული: https://adblacksea.com/news/54
უკვე წლებია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა – სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას იღრმავებენ. გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ფესტივალს წელს 1400-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრა.
წლევანდელ სპიკერებს შორის იყვნენ:
· ბრაზილიელი ფერნანდო მაჩადო (Fernando Machado) – Burger King-ის, Dove-ის თუ Call of Duty ლეგენდარული კამპანიების ავტორი; Business Insider-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური მარკეტერი, Forbes-ის სიაში ყველაზე გავლენიანი მარკეტერების სამეულის წევრი
· პორტუგალიელი უგო ვეგა (Hugo Veiga), რომელსაც უმუშავია ისეთ გლობალურ ბრენდებთან და ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Nike, Google, Tiktok, ლედი გაგა, ელტონ ჯონი და რომელსაც წელს კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდოს, Titanium-ის ჟიურის წევრობა ანდეს
· სამარ მააკარუნი (Samar Maakaroun), ლიბანელ-ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც ლეგენდარული დიზაინ სტუდიის, Pentagram-ის პარტნიორია
· ს სპეციალისტი რებექა რაუნთრი (Rebecca Rowntree), UN WOMEN-თან პარტნიორობით – სხვა მრავალთან ერთად, Libresse-ის ლეგენდარული კამპანიის #Wombstories ავტორი
· 25-წლიანი გამოცდილების მქონე ტიმ ლიქი (Tim Leake), ბანკთან პარტნიორობით
წელს პირველად, ფესტივალზე გამოჩნდა CREATORS STAGE, სადაც ქართველმა კონტენტ კრეატორებმა და ინფლუენსერებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს.
FireWorks in Creative Resistance – ასე ჟღერს 2025-ის სლოგანი. ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია ფეიერვერკს შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყენებს. კრეატიულობას ბევრი “მტერი” ჰყავს – გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავდა წლევანდელი ღონისძიება.
ბრენდინგის ნაწილი იყო შემოქმედებითი წინააღმდეგობის კონცეფციაც, “In Creative Resistance” Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში, თბილისში ჩატარებული დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა (Paula Scher) შეაფასა. Ad Black Sea 2025-ის სტუმრებმა ეს ნამუშევრები ბათუმში იხილეს.